რატი იონათამიშვილი: სენატორ რიშის ჰგონია, რომ თუ სიძულვილის ენით ილაპარაკებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე, ეს რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს ამ რადიკალური ჯგუფების რეიტინგზე, რომელთაც პულსი აღარ ესინჯებათ ჩვენს ქვეყანაში

სენატორ ჯიმ რიშის ჰგონია, რომ თუ სიძულვილის ენით ილაპარაკებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე, ეს რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს ამ რადიკალური ჯგუფების რეიტინგზე, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები, როგორიც სენატორ ჯიმ რიშიმ გააჟღერა, გავლენას ვერ მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.

„ეს ადამიანები არ იცნობენ ჩვენს საზოგადოებას და არ იცნობენ ქართველ ხალხს. გავიხსენოთ რამდენიმე თვის უკან როთის განცხადება, რომელიც მაშველ რგოლად ჰყავდა ჩამოყვანილი რადიკალურ ჯგუფებს და ამ დროს აქ ხან ახალგაზრდებს მიაყენა შეურაცხყოფა, ხან ეკლესიის მიმართ სცადა შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. ზუსტად იგივე კონტექსტი გრძელდება ახლაც აი, ამ კონკრეტული სენატორს (ჯიმ რიში), რომელსაც ჰგონია, რომ თუ სიძულვილის ენით ილაპარაკებს ხალხის მიერ არჩეულ მთავრობაზე, ეს რაღაცნაირად დადებითად იმოქმედებს ამ რადიკალური ჯგუფების რეიტინგზე, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება ჩვენს ქვეყანაში.

შესაბამისად, აი ასეთ განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას, ასეთ რიტორიკას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ეს ეფექტი იქნება საქართველოს სასარგებლოდ. ვინაიდან, ჩვენს ხალხს კიდევ უფრო გააერთიანებს კონკრეტული არჩევანის გაკეთების ირგვლივ. დღეს არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი არჩევანი. არჩევანი ღირსებისკენ თუ არჩევანი აგენტურისკენ და არჩევანი მშვიდობისაკენ თუ ომისკენ – აი, ეს არჩევანი აქვს დღეს ჩვენს საზოგადოებას. და ეს რომ ასეთი მკაფიო და მარტივი არჩევანია, მსგავსი განცხადებები, მსგავსი რიტორიკა, მსგავსი შოუები, რასაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით და ღალატის ასეთი აქტები, ჩვენს საზოგადოებას საბოლოო ჯამში სწორი, ობიექტური და საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა “ქრონიკასთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები