რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, აშშ საქართველოს არჩევნებში ჩარევას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (OSCE/ODIHR) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა არ დაუშვას 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში საუბრობენ.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვაში ირწმუნებიან, რომ აშშ ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე უკვე შეთანხმდა.
“სავარაუდოა, რომ არჩევნებამდე 10-20 დღით ადრე ეუთო/ოდირი გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომლის დასკვნაშიც ნათქვამი იქნება, რომ ქვეყანაში არაა პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდება განცხადება ელექტრონული პროცესის დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით”,- აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვაში
“ვაშინგტონის გეგმა აშკარაა და უკვე აღარ არის გასაკვირი – მისცეს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას მასობრივი საპროტესტო აქციების საფუძველი, რომლის მიზანიც ძალის გამოყენებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა”, – ირწმუნებიან დაზვერვაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვა აშშ-ის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების გზით საქართველოში მთავრობის შეცვლის სურვილზე პირველად არ საუბრობს. დაზვერვამ მანამდეც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
რუსეთის საგარეო დაზვერვა ასევე ირწმუნება, რომ ამერიკელებმა ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაავალეს. ამასთან ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტთა შორის მსხვერპლის ხელოვნური შექმნა განიხილება.