ხაინდრავა „ნაციონალების“ მხარდამჭერების დაფინანსების გამოაშკარავებას აანონსებს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რეანიმირება შეუძლებელია, სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკური გვამია“, – აღნიშნული გამნცხადება გოგა ხაინდრავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ხაინდრავამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაც შეაფასა და ყოფილ პრეზიდენტს „უთავო მხედარი უწოდა“ . „გარდა იმ უთავო მხედრისა, რომელიც საქართველოს მართავდა, რუსეთთან ღია დაპირისპირებაში არავინ შედის, მათ შორის არც შეერთებული შტატები. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც ვერანაირი რებრენდინგი ვერ უშველის და ქვეყნის მმართველობაში ვერასდროს დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
კინორეჟისორის თქმით, მალე ის ორგანიზაციებიც დასახელდება, რომლებიც  დღემდე სწორედ „ნაციონალებისგან“  ფინანსდებიან და რომელთა პირდაპირი მოვალეობა ქვეყანაში დაძაბული ფონის შექმნაა: „ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ანგაჟირებული პრესის მეშვეობით საზოგადოებისთვის ნერვების მოშლაა. ესეც ძალიან მალე დამთავრდება. როგორც ბაბუაჩემი მობრუნდება ამ ქვეყანაზე, ისე მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სათავეში. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია“. ძალიან საინტერესოა, როგორ და ვის მიერ ფინანსდებიან ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციები და შედეგი უახლოეს დღეებში დაიდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები