რაულ უსუპოვის ოჯახი თანახმაა, რომ ექსჰუმაცია უსუპოვის ცხედარსაც ჩაუტარდეს
საქართველოს ექსპემიერ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ოჯახი თანახმაა, რომ ექსჰუმაცია რაულ უსუპოვის ცხედარსაც ჩაუტარდეს. როგორც “კვირას“ უსუპოვის მამამ იაშარ უსუპოვმა განუცხადა, ამ საკითხზე მათ პროკურატურის წარმომადგენლებთან არაერთხელ ჰქონიათ საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
“პროკურატურაში გვქონდა შეხვედრები, ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, სიმართლის დასადგენად ყველაფერზე თანახმანი ვართ. ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ გამოძიებას ყველანაირად ხელს შევუწყობდით“, – განუცხადა “კვირას“ იაშარ უსუპოვმა.
ამასთან, იაშარ უსუპოვი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზის ჩატარების თარიღი. პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერტების ვინაობა არ სახელდება.