დავით საგანელიძე: აუცილებელია, რომ ამ ფორუმს პრემიერი ესწრებოდეს
ძალიან კარგი იქნება და აუცილებელი, რომ ამ ფორუმს ესწრებოდეს პრემიერი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფორუმს პრემიერთან ერთად ეკონომიკის მინისტრიც უნდა დაესწროს.
„ნებისმიერი პიროვნება შეიძლება იქ იყოს მიწვეული, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც. თუ საქართველოს პრეზიდენტი მიწვეულია, ძალიან კარგი. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იქნება მისთვისაც შეხვედრები იმ მსხვილი კოპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც დაოსში იქნებიან წარმოდგენილი. მაგრამ ძალიან კარგი იქნება და აუცილებელი, რომ ამ ფორუმს ესწრებოდეს პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი და შეიძლება სხვა ეკონომიკური პროფილის სამინისტროს წარმომადგენლებიც “,- განაცხადა დავით საგანელიძემ.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო და მისი მონაწილეობა უკვე დადასტურებულია.