ამირან გიგუაშვილი: პრეზიდენტის დამოუკიდებელი აქტივობები იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს

მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის დამოუკიდებელი აქტივობები იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს, – ასე აფასებს პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა წავიდეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე – პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობენ არა სიმბოლური პერსონები, არამედ რეალური აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პოლიტიკოსები. გიგუაშვილი საკითხს სამართლებრივი კუთხით მიმოიხილავს და აცხადებს, რომ მოქმედი კონსტიტუციით, საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მხოლოდ სიმბოლურია, აღმასრულებელი ფუნქციების განხორციელება კი მთავრობის პრეროგატივაა.
„შეიძლება არაპოპულარულად ჟღერდეს, ვიღაცას პიროვნულად პრეზიდენტი უფრო მოსწონდეს ვიდრე პრემიერი, მაგრამ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ სიმბოლურია და აღმასრულებელი ფუნქციების განხორციელება მთავრობის პრეროგატივაა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კი ცალსახად ისეთ ღონისძიებათა რიგს მიეკუთვნება, რომელშიც მონაწილეობენ არა სიმბოლური პერსონები, არამედ რეალური აღმასრულებელი ფუნქციების მქონე პოლიტიკოსები. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ახალი კონსტიტუციური წესრიგის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული და ამიტომაც ხდება მოწვევის გამოგზავნა არასწორად, რაზეც სათანადო უწყებებმა შესაბამისი სამუშაო უნდა ჩაატარონ. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული კონსტიტუციით, სადაც გარკვევით წერია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის ერთიანობის გარანტი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია უფლებამოსილი დამოუკიდებლად იმოქმედოს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს მთავრობის კომპეტენციაა“, – აცხადებს გიგუაშვილი.
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე მიუთითებს კონსტიტუციის იმ ნორმებზე, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის დამოუკიდებელი აქტივობები, რომელიც მის კომპეტენციას სცილდება,შესაძლოა იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
„მეტსაც გეტყვით, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად პრეზიდენტის დამოუკიდებელი აქტივობები, რომელიც მის კომპეტენციას აშკარად სცილდება და არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს, იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს, ამავე კონსტიტუციის 63-ე მუხლით დადგენილი წესით. იმედი მაქვს ასეთ უკიდურესობამდე არასოდეს მივალთ და პოლიტიკოსებს ეყოფათ გონიერება, იხელმძღვანელონ არა პირადი ამბიციებით, არამედ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაბამისად“, -აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები