სამართლებრივ საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს
სასტუმრო „რუმში“ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით სამართლებრივ საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას პროკურორებთან ერთად მოსამართლეები, ადვოკატები, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, ჩხრეკა-ამოღებისა და დაკავების სტანდარტებზე, საპროცესო შეთანხმებასა და დაზარალებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე მსჯელობენ. მონაწილეებს გამოცდილებას ევროკავშირის მოსამართლე რენატე ვინტესი უზიარებს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ევროკავშირის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის“ მხარდაჭერით ხორციელდება და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და სისხლის სამართლის სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.