წურწუმიების ოჯახი შს მინისტრისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს
ჯემალ შელიას მკვლელობის საქმეზე გამართლებული ტარიელ და კახაბერ წურწუმიების ოჯახი შს მინისტრ ალექსანდე ჭიკაიძეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წურწუმიების დედის, ფატიმა წურწუმიას განაცხადებით, შელიას ახლობლები სახლში უვარდებინ და სახლის გადაწვით ემუქრებიან. “მოდიან ბენზინით და გვემუქრებიან ბავშვების დაწვეთ. სახლის კარებზე და კედლებზე მკვლელებს და ათას საშინელებას გვიწერენ. მივმართავ შს მინისტრს, რომ უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება და აღიკვეთოს ჩემს ოჯახში მოვარდნები”, – განაცხადა ფატიმა წურწუმიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღსრულდა სამართალი და ჩემი უდანაშაულო შვილები გამართლდნენ მათთვის წარდგენილ ბრალდებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი კვირაა, რაც სხვადასხვა მასმედიის საშუალებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებული პირები სრულიად უსამართლოდ გაუმართლებია სასამართლოს, თუმცა მეორე მხარეს არავინ კითხულობს. ეს ბრალდებები ახლოსაც არ არის რეალობასთან და მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის შექმნა იმის შესახებ, თითქოსდა სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ჩემს შვილებს პროკურატურის მხრიდან მკვლელობაში ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ. პროკურატურამ ჩემ შვილებს თავის დროზე წაუყენა სრულიად უსამართლოდ ბრალი ხულიგნობაში, ხოლო შემდგომ – სხეულის განზრახ დაზიანებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობასა და სხეულის დაზიანებას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს აშკარა გახდა ჩემი შვილების უდანაშაულობა. აშკარა გახდა, რომ პროკურატურის მოწმეები ტყუოდნენ, რადგან მათ ჩვენებებში უამრავი არსებითი წინააღმდეგობა იყო. უფრო მეტიც, სასამართლოზე გამოიკვეთა გარემოება, რომ პროკურატურის მოწმეები იყვნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ კონფლიქტი გამოიწვია”, – განაცხადა წურწუმიების დედამ. 21 წლის ჯემალ შელია გასული წლის 21 დეკემბერს გლდანის მე-2 მიკრორაიონში, თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საქმეში ბრალდებული კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამართლდნენ.