გივი მიქანაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელსაც მტკიცებულება და საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში

,,ჰელსინკის კომისიის განცხადება არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და, შესაბამისად, ვერ იქნება მიღებული, რადგან განცხადება კეთდება ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადებებში მტკიცებულებები არ არის.

„ამ განცხადებაშივე იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლცენტრები არსებობს, რაც არის სრული აბსურდი. ამას სჭირდება მტკიცება და ჩვენ ველოდებით მათგან, რომ კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი. თუმცა, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ იქნება წარდგენილი. არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომელიც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად განახორციელეს, იმ დანაშაულებრივ ქსელზე, რომელიც კრიმინალმა კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ ქოლცენტრებთან მიმართებაში. ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება ყურადღების ქვეშ არის ქართული საზოგადოების მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა არჩევნებამდე. ასეთი განცხადების გაკეთება, რომელსაც არც მტკიცებულება, არც საფუძველი არ გააჩნია, არის ძალიან უხეში და პირდაპირი ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები