რესტორან „ხარებაში“ ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე გაიმართა (ვიდეო)
უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანაორგანიზატორობით, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას“ და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით, რესტორან „ხარებაში“ „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის დღე“ გაიმართა.
ღონიძიების ფარგლებში სხვადასხვა თაობის პოეტები – ლევან ფანჩვიძე, ნანა ცინცაძე, მეცამეტე თვის პოეტები, თემო არაბული, გიორგი არაბული, ირაკლი დეისაძე, ოთარ ფალიანი, კოკა შურღაია, მაკა აბუაშვილი – მშვიდობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ და მხარდაჭერას პეოზიით გამოხატეს. ღონისძიების ფარგლებში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ფოტორეპორტიორის გურამ როგავას ფოტების გამოფენა მოეწყო, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ საღმოს საქართველოში უკრაინის წარმომადგენლობის წევრები , საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობადი სახეები დაესწრნენ.
როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა განაცხადა, მისი ორგანიზაცია ყოველთვის მზადაა მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა გამოხატოს.
“დღევანდელი ღონისძიება შინაარსიდან გამომდინარე განსაკუთრებულია. დღევანდელი დღით ფართომასშტაბიანი პროექტის დაწყებას ვაპირებთ. ამისთვის სოციაურ ქსელში შეიქმნება სპეციალური გვერდი – ქართველი ხელოვანები უკრაინისთვის, სადაც თემაზე „უკრაინა და მშვიდობა“ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ უკრაინელებისადმი მხარდაჭერის გამომხატველი საკუთრი შემოქმედება ფოტოს, ნახატის, ვიდეოს, ლექსის, ჩანაწერის ან სხვა სახით. გარდა ამისა, იგეგმება ყველა ჩანაწერის წიგნად გამოცემა და უკრაინაში გაგზავნა. ამ წიგნის პრეზენტაციას პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვგეგმავთ, ეროვნული ბიბლიოთეკა დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=p3lo63NfaAg” width=”560″ height=”315″]