ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამჟამად, ხარკოვში რუსული დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად. ამ დროისთვის ვიცით, რომ დაშავებულია 12 ადამიანი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაცვლილია. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო ძალა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად უპასუხებს რუსეთს.
„რუსული ტერორი აუცილებლად დაისჯება. და მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას ამ მიზანთან დაახლოებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.