შესაბამისი წესის დამტკიცების შემდეგ, პირველი სექტემბრიდან, მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა შეეძლებათ
მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობის პირობებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.
ცვლილება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ გამონაკლისს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო დაუშვებს.