ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გვაქვს ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის ეპოქა. ოპონენტების აგრესიულ რიტორიკასთან ამის შედარება საზოგადოებას არ უჭირს

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მინისტრი ოპონენტების ნარატივს გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე აკეთებენ აქცენტს. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მსგავსმა რიტორიკამ არც ერთ არჩევნებზე ოპოზიციას შედეგი არ მოუტანა, რადგან საზოგადოება ხედავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგებს.

„ვერც ერთ ჯერზე ბოლო 9 არჩევნების განმავლობაში ამ ნარატივმა ვერ დადო ის შედეგი, რომელიც მათ სურდათ. საქართველოს მოქალაქეები არიან ბრძენი ადამიანები, ვინც იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, გააზრებულ გადაწყვეტილებებს და კარგია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება საარჩევნო ყუთთან. დღეს ჩვენ კონტრასტი გვაქვს ამ უსაფუძვლო ნარატივთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის და სტრატეგიის ცვლილებას და ეს უშედეგოა.

მეორე მხრივ საზოგადოება ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გვაქვს ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის ეპოქა. გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დიახ, შესაძლებელია დღეს რაღაც განცხადებები არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ უნდა გვინდოდეს, მაგრამ მიუხედავად ასეთი განცხადებებისა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ შედეგს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ შედეგს. აქედან გამომდინარე, ამის შედარება საზოგადოებას არ უჭირს იმ აგრესიულ რიტორიკასთან, რომელიც ოპონენტებს გააჩნიათ.

დღეს უკვე ვხედავთ სახეცვლილ რიტორიკას დარაზმული გადამრჩენელების, რომლებიც პრაქტიკულად იმეორებენ იმ პოზიციას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და მტკიცედ იცავდა ამ პოზიციას მათი ყიჟინის მიუხედავად. ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა, ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა ქვეყანაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირება და ეს არის ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები