“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოადგილეები – ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა.

მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ დროში შეუძლებელი უნდა შეძლონ, რათა ყველაზე ეფექტური კამპანია ჰქონდეთ.

„მჯერა ერთიანობით, საერთო ძალისხმევით, გუნდურობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გადარჩება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი.

არჩევნებამდე დარჩა 106 დღე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა ვიმუშაოთ 24 საათიან რეჟიმში, რათა გვქონდეს ყველაზე ეფექტური კამპანია, ყველაზე გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამ არჩევნებისთვის, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროატლანტიკური მომავლისათვის.

მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის.

იგორი ყოველთვის წინა ხაზზე იდგა საპროტესტო მოძრაობის დროს და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დააკავეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ის ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეამაყება, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვართ.

მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ზაზას, იგორს მათი ბრძოლისთვის, მათი შემართებისთვის და ერთიანობისთვის”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები