გია ვოლსკი: საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს მთელ რიგ საკითხებში, ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ

საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს მთელ რიგ საკითხებში, ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან ევროინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია დროებითია.

„ეს დროებითია, ვფიქრობ. არსებობს ყველა წინაპირობა და საფუძველი იმისა, რომ ოპტიმისტები ვიყოთ. ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ და საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს მთელ რიგ საკითხებში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებლებსაც ვუსწრებთ. ეს არის თუნდაც ეკონომიკური თავისუფლება, თავისუფლების ინდექსი, მმართველობის სისტემა და ა.შ. ეს არის მსოფლიო ბანკის, ატლანტიკური საბჭოსა და ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები. აქედან გამომდინარე, ამის უკან არის გარკვეული პროცესები, რომელშიც ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესი უნდა გაატაროს, მსოფლიო პროცესებს ვგულისხმობ, ეკონომიკური მსოფლიო ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ენერგეტიკული რესურსებისა და ტრანზიტის გარკვეულ არეალებზე უპირატესობის მოპოვება დიდი ქვეყნების ინტერესებშია. აქ არ არის ის მდგომარეობა, რომ ვთქვათ, აი გავბრაზდით გერმანიის ელჩზე და უარს ვიტყვით იმ ინტეგრაციაზე, რაც კონსტიტუციაში ჩავწერეთ, ან ნატოს მიმართულებაზე, მაგრამ არაა ის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება კატეგორიულად ვილაპარაკოთ, რომ ხვალ ნატოს წევრი ვხდებით. თბილისიდან 40 კილომეტრშია რუსეთის ჯარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ყველგან მოწინავე პოზიციაზე ვდგავართ, მაშ რაშია საქმე და ხომ არ არის ეს კავშირში მსოფლიო პროცესებთან? გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რა პრეტენზია უნდა ჰქონდეთ ქვეყნებს, რომლებსაც გაცილებით ძლიერი კანონი აქვთ? ამ მსოფლიო პროცესებს გარკვეული აქსიომური ნიშნები ახასიათებს, ამიტომ არის შერჩეული ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რადგან მათ არ გააჩნიათ ემოციური კავშირი წარსულთან, სადაც სისხლის დაღვრა, წამება და ქონების წართმევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. საფრანგეთმა სამჯერ გაზარდა რუსეთიდან ენერგო რესურსების შესყიდვა, აგერ პოლონეთი ჩავიდა ჩინეთში და გარკვეულ თემებზე მიდის მოლაპარაკებები, მათ შორის ეკონომიკურ დარგში. ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესის განვითარებისთვის მოთამაშეები არიან ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი. ანუ, ჩინეთის თემაც დაემატა ამ ყველაფერს და თუ წარმოვიდგენთ მომავალ მსოფლიო რუკას, დავინახავთ, რომ ალტერნატიული დერეფანი არ არსებობს, გარდა საქართველოსი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები