ოთარ ანგურიძე: „ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებდა ლარზე, ამოიწურა, აჟიოტაჟი ჩაცხრა, კურსი დასტაბილურდა“

„ძირითადი მაკროეკონომიკური და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარის კურსზე ახდენდა და ახლაც ახდენს გავლენას, პრაქტიკულად, ყველაფერი წესრიგშია“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარამეტრები წესრიგშია, შეუძლებელია, ლარს გაუფასურების გრძელვადიანი ტრენდი ჰქონდეს. როგორც ანგურიძემ აღნიშნა, ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებდა ლარზე, ამოიწურა, აჟიოტაჟი ჩაცხრა.

„როდესაც ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო, მე არაერთხელ მისაუბრია იმაზე, რომ ეს ცალსახად აჟიოტაჟური ფაქტორის და ცრუ ნეგატიური მოლოდინების შექმნის მცდელობის შედეგად მოხდა. ამას შემდეგ რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია დაემატა, რამაც მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება განაპირობა. ვნახეთ, რომ თითქმის 1-თვიან პერიოდში ლარს ვარდნა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ლარი ძალიან სტაბილური ვალუტა იყო. ფაქტორები, რომელიც ნეგატიურად მოქმედებდა ლარზე, ამოიწურა, აჟიოტაჟი ჩაცხრა. ერთჯერადი ტრანზაქციები, რამაც ამ აჟიოტაჟურ ფონზე სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება განაპირობა, ასევე ამოიწურა. ძირითადი მაკროეკონომიკური და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარის კურსზე ახდენდა და ახლაც ახდენს გავლენას, პრაქტიკულად, ყველაფერი წესრიგშია. ბუნებრივია, როდესაც პარამეტრები წესრიგშია, შეუძლებელია, რომ ლარს გაუფასურების გრძელვადიანი ტრენდი ჰქონდეს. ამდენად, კურსი დასტაბილურდა, ეკონომიკური ზრდაც მაღალი გვაქვს.
ჩვენს ეკონომიკაში ზაფხულის სეზონი ყოველთვის აქტიურობით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი ტურისტული ნაკადების შემოდინების თვალსაზრისით რეკორდულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არა დაბალბიუჯეტიანი ტურისტები შემოდიან, არამედ, უკვე მაღალშემოსავლიანი ტურისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტს ხარჯავენ, რასაც ლარის კურსზე ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს. ქვეყანაში შემოსული ყოველი ვალუტა ლარს ეხმარება, გამყარდეს. ზაფხული ასევე იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები კიდევ უფრო კარგად დავინახოთ, თუ რა მოცემულობაზე შეიძლება, გავიდეთ წლის ბოლოს. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც მაისის თვეში ლარის დეპოზიტების ზრდას ეხება. ეს 18 %-იანი ზრდა არის. მაისი ის პერიოდია, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, მიუხედავად ამისა, ლარში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. იმიტომ გაიზარდა, რომ იურიდიულ პირებში ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. ერთი მხრივ, ვნახეთ, რომ ლარში დეპოზიტები გაიზარდა, მეორე მხრივ, დედოლარიზაცია 50 %-ს ჩამოსცდა და შემცირებას განაგრძობს. სასიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ლარის მიმართ ნდობა იზრდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Fitch-მაც გამოაქვეყნა საქართველოსთან მიმართებაში შეფასება, მოგეხსნებათ, ის სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც პერიოდულად ქვეყნებთან მიმართებაში სარეიტინგო მაჩვენებლებს განსაზღვრავს ხოლმე, ჩვენთან მიმართებაში უცვლელი BB დონეზე დატოვა , აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალია, ჩვენი სარეიტინგო პოზიციაც სტაბილურად განსაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც პერიოდიანი არასტაბილურობის მიუხედავად, რაც ძირითადად პოლიტიკური ფაქტორებით იყო განპირობებული, ჩვენს ეკონომიკას , ეკონომიკური ზრდის განვითარებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ძალიან პოზიტიურად უყურებენ. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ქვეყანამ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს, რაც როგორც ლარის სტაბილურობის შენარჩუნების, ისე საბიუჯეტო თანხების აკუმულირების საშუალებას მოგვცემს. ეს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მოგვცემს, რაც ასევე ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობაა“, – განაცხადა ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები