დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამდენიმე ავტორის ნამუშევრები შეემატა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ქანდაკების გამოფენას რამდენიმე ავტორის: თამარ აბაკელიას, გულდა კალაძის, ჯემალ ბჟალავასა და როკო ირემაშვილის ქანდაკებები შეემატა ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილია თამარ აბაკელიას ქანდაკება „კოლმეურნის ოჯახი“. ნამუშევარი პირველად არის წარმოდგენილი მყარი მასალით. ეს კომპოზიცია მისი შემოქმედების ლაიტმოტივია, რომელიც ზოგიერთ ნამუშევარში „ბედნიერი ოჯახის“ სახელწოდებით მეორდება. ამ მოტივის კომპოზიცია მოქანდაკემ ყოფილი „იმელის“ (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) ჰორელიეფური ფრიზისთვისაც შექმნა. მხატვრის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1955 წელს, ეს ქანდაკება და კიდევ ერთი, შედარებით კამერული ზომის ნამუშევარი – „მოწყალების და“ მისი ოჯახისგან შეიძინა საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა. 2024 წლის მარტში საქართველოს ეროვნული გალერეის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით თამარ აბაკელიას ამ ორივე ქანდაკებას ჩაუტარდა რესტავრაცია. კომპოზიცია „კოლმეურნის ოჯახთან“ ერთად ხელოვანის ცნობილი ქანდაკება „შურს ვიძიებთ!“ პირველად ჩამოისხა პოლიესტერში, „მოწყალების და“ კი – ბრინჯაოში.
თამარ აბაკელია (1905-1953) – მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი და ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი, პირველი ქალი მონუმენტალისტია საქართველოში. იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ მოქანდაკეთა პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელია. სწავლა 1929 წელს დაასრულა. იყო იაკობ ნიკოლაძის, ნიკოლოზ კანდელაკის, იოსებ შარლემანისა და ევგენი ლანსერეს მოწაფე. „იმელის“ ფრონტონის ფრიზისათვის შექმნილი ნამუშევრებით ხელოვანმა ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი საქართველოში რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მხატვრის შემოქმედებაში პატრიოტულმა თემატიკამ იმძლავრა. ომის პერიოდში შექმნილ ნაწარმოებთაგან ერთ-ერთი საკულტო ქანდაკებაა „შურს ვიძიებთ!“ ამ ნამუშევრით თამარ აბაკელიამ ომში შვილმოკლული დედის სახე შექმნა.
გულდა კალაძის „რთველი“.
გულდა კალაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი შემოქმედება ძიებებით, განსხვავებული მიგნებებითა და მხატვრული ხედვით გამოირჩევა. მისი ინდივიდუალიზმი ფერწერასა და გრაფიკაშიც გამოვლინდა, მაგრამ ხელოვანის სტიქია ქანდაკება იყო. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ჩვიდმეტი სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო, რომლებშიც სრულად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი პოტენციალი — ფორმის გრძნობა, დახვეწილი პროპორციები. საგულისხმოა, რომ გულდა კალაძე ცნობილი ქართველი მოქანდაკის – თამარ აბაკელიას შვილია.
ჯემალ (ჯოტი) ბჟალავას „პორტრეტი“ (ქვა, 1989).
ჯემალ (ჯოტი) ბჟალავა თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის თემებს. ქვაში გამოკვეთილი ცხოველებისა და ადამიანების ფიგურები შთაგონებულია კავკასიის ხალხთა ლეგენდებით, მისტიკური არაკებითა და ბერძნული მითებით. არქაული ფორმების ძიებისას მოქანდაკე ქვას ბუნებრივ საწყისს უნარჩუნებს. 1991 წლიდან ჯოტი ბჟალავა საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქებს ამშვენებს. მათ შორის გამორჩეულია 2018 წელს ქალაქ ნიმის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ხარის სკულპტურა.
როკო ირემაშვილის „დავითი“ (პოლიესტერი, 2024).
როკო ირემაშვილი – მხატვარი, მოქანდაკე, ხელოვანი, შტუტგარტის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის კურსდამთავრებული და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი ნამუშევრები, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ ვიდეო, სოციალური პროტესტის, სარკაზმის, ამაოებისა და თანაგრძნობის ნაზავს წარმოადგენს. როკო ირემაშვილის ყოველი პროექტი მუდმივი ფიქრისკენ მოგვიწოდებს. მისი პროექტები გამორჩეულია არა მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და უჩვეულო შესრულებით, არამედ ხელოვანის მუდმივი სურვილითაც იყოს ექსპერიმენტატორი სახვით ხელოვნებაში. ხელოვნება მისთვის დიდაქტიკური ფუნქციების მქონე იზოლირებული სფერო როდია, ხელოვნება როკო ირემაშვილისთვის ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია.
გამოფენის დათვალიერება 2024 წლის ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები