ევროპის უძველესი რესტორანი, სადაც ჰემინგუეის ყოფნა უყვარდა და გოია მრეცხავად მუშაობდა

ევროპაში მრავალი რესტორანია საუკუნოვანი ისტორიით, მაგრამ მათგან ყველაზე ძველად ითვლება Sobrino de Botín, რომელიც ესპანეთის დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს. ამ მიზეზის გამო, ის გინესის რეკორდების წიგნშიც კია შეტანილი. რესტორნის ისტორია XVIII საუკუნეში დაიწყო, როდესაც ბოტინების ოჯახი, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, შორეული პროვინციიდან მადრიდში  ჩავიდა. ორი წლის იქ გატარების შემდეგ ცოლ-ქმარმა მაინც ვერ შეძლო კარგი სამსახურის შოვნა. მაშინ ჟან ბოტინმა, რომელიც პროფესიით მზარეული იყო, საკუთარი რესტორნის გახსნა გადაწყვიტა.

ცოლ-ქმარმა იქირავა შენობა, რომელიც ადრე პატარა სასტუმროდ გამოიყენებოდა და პირველი სართულის გადაკეთების შემდეგ, 1725 წელს პატარა ტავერნა გახსნა. ტავერნას Casa Botín დაარქვეს. სწორედ მაშინ გაჩნდა შენობაში დიდი ზომის ქვის ღუმელი, რომელიც დღემდე მუშაობს. ბოტინებს საქმე კარგად წაუვიდათ, ხალხი იქ სიამოვნებით დადიოდა, ამიტომ პატარა ტავერნა მალე სასადილოდ იქცა. მფლობელების გარდაცვალების შემდეგ სასადილოს სახელი შეეცვალა და Sobrino de Botín დაერქვა, ვინაიდან ის მათი ბიძაშვილის შვილის, კანდიდო რემისის მფლობელობაში გადავიდა.

ამბობენ, რომ რაღაც დროის განმავლობაში აქ ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა მხატვარი ფრანცისკო ხოსე დე გოია. XX საუკუნეში რესტორნის მფლობელი გონსალესების ოჯახი გახდა. 1725 წელს გახსნის შემდეგ ეს დაწესებულება არ დაკეტილა – ომის დროსაც კი იქ ჯარისკაცებს კვებავდნენ.

მადრიდში ყოფნა და Sobrino de Botín-ში დროის გატარება ერნესტ ჰემინგუეისაც უყვარდა.

„მადრიდში გასეირნება კარგია, კაფეში დაჯდომა, სადაც ბევრი სასარგებლო ამბის გაგებაა შესაძლებელი იმის შესახებ, თუ ვის ვისი ვალი აქვს და ვინ ვინ მოატყუა“.

ჰემინგუეის უყვარდა Botín-ის რესტორანი, ხშირად სტუმრობდა მას და თავის შემოქმედებაში უკვდავყო კიდეც.

„ჩვენ ვისადილეთ რესტორან „ბოტინში“, მეორე სართულზე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია მსოფლიოში. ჩვენ შემწვარ გოჭს ვჭამდით და „რიოხა ალტას“ ვსვამდით“.

ზუსტად იქ ვითარდება ჰემინგუეის ერთ-ერთი რომანის დასასრული. ერნესტი თავის საყვარელ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა ხოლმე. ერთხელ გადაწყვიტა, თავისი კულინარიული ნიჭი გამოევლინა და რესტორნის მფლობელს სთხოვა, მისთვის პაელას მომზადების უფლება მიეცა. თუმცა, სამზარეულოში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ მან თქვა: „სჯობს, განვაგრძო საკუთარი თავის ლიტერატურისადმი მიძღვნა“.

დღეს Sobrino de Botín შენობის ოთხივე სართულს იკავებს და მადრიდის ყველაზე სახელგანთქმულ რესტორნად ითვლება. რეკონსტრუქციისას მფლობელები შეეცადნენ, შეძლებისდაგვარად შეენარჩუნებინათ როგორც გარეგნული იერი, ისე ატმოსფერო, რომელიც მასში სუფევდა. თუ გსურთ, უფრო მკვეთრად შეიგრძნოთ XVIII საუკუნის ატმოსფერო, სჯობს, შენობის სარდაფის ტერიტორიაზე დაიკავოთ მაგიდა. იქ ყველაფერი ძველებურია. ალბათ, მხოლოდ ელექტროენერგიის არსებობა შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სამყაროში იმყოფებით.

რესტორნის შეფ-მზარეულის თქმით, ერთ-ერთი ღუმელი სამი საუკუნის მანძილზე უცვლელად შემოინახა და მასში ცეცხლი არასდროს ქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები