მარილი, ბუმბული, ნიჟარები – ყველაზე უცნაური ფული კაცობრიობის ისტორიაში

იყო დრო, როდესაც ზომაში ყველაზე პატარა ფულიც კი დიდი ფული იყო. ეს სულაც არ გახლავთ ალეგორია. როგორ გამოიყურებოდა ფული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში?

1. ლითონის წნელები


ისტორიკოსების ოფიციალური ვერსიით, პირველი ფული არაუგვიანეს 4,5 ათასი წლის წინ გამოჩნდა. უძველესი ფული, რომელიც დღეს მეცნიერებისთვის არის ცნობილი, იყო ვერცხლის ღეროები, რომლებსაც მესოპოტამიაში იყენებდნენ. ნაკეთობებს ჰქონდათ იდენტური სიგრძე, დიამეტრი და წონა, რასაც ყურადღებით აკვირდებოდნენ მისი დამზადებისას და შემდგომ ვაჭრობისას. ხარჯთაღრიცხვა იმ დროს თიხის ფირფიტებზე ხორციელდებოდა, ამიტომ ვაჭრები და ზოგადად, ფინანსურ სფეროში მომუშავეები ფიზიკურად ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ.

იმავე წნელებს, მაგრამ რკინისგან დამზადებულს, იყენებდნენ თანხის გადასახდელად სპარტელები. ფულად ერთეულად ითვლებოდა 6 წნელი, რომელთა მუჭში მოქცევაც ზრდასრულ მამაკაცს შეეძლო. ბერძნულად ამას დრაჰმა ერქვა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ფულად ერთეულს ახლაც დრაჰმა ჰქვია.

2. ნიჟარები – ყველაზე გავრცელებული ვალუტა

ჩინეთი რამდენიმე ათასწლიანი ისტორიის მანძილზე ფულად სხვადასხვა ნივთებს იყენებდა. შესაძლოა, სწორად იქ გაჩნდა პირველი მონეტები – ჩინელებს უყვარდათ ასეთი ფული და დიდ ფანტაზიას იყენებდნენ მათ დასამზადებლად. ცნობილია მრგვალი, ოთხკუთხედი, მრავალკუთხედი, შუაში ნახვრეტით, პატარა დანების ფორმის და ზარების ფორმის ფულიც, მაგრამ ყველაზე უცნაურ ჩინურ ფულად შეიძლება, ჩაითვალოს მოლუსკის ნიჟარები, რომლებსაც 3.5 ათასი წლის წინ იყენებდნენ. იმ დროს ასეთი გადაწყვეტილება იდეალური იყო – მათი გაყალბება შეუძლებელი გახლდათ და წონაც ძალიან მცირე ჰქონდა. საერთოდ, ზღვიდან ფულს ძალიან ბევრი ერი „იღებდა“, მაგალითად, ინდოელები 1900 წელს.

3. მარცვლეული

კვების პროდუქტები ძველ დროში ყოველთვის მოთხოვნადი იყო – ომები, სტიქიური უბედურებები და ცუდმოსავლიანი პერიოდები იწვევდა იმას, რომ ოქროს ქონის შემთხვევაშიც კი, ადამიანი შესაძლოა, შიმშილისგან მომკვდარიყო. ზუსტად ამიტომ, ძველი ეგვიპტელები საკითხს მაქსიმალურად პრაგმატულად მიუდგნენ და ვალუტად მარცვლეულს იყენებდნენ. ეს ანგარიშსწორება იმდენად მოსახერხებელი იყო, რომ დიდი ქალაქებში გაჩნდა მარცვლეულის ბანკები, სადაც მარცვლის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში – წაღება შეიძლებოდა. ბანკებში იდებოდა ხელწერილები პერგამენტსა და პაპირუსზე, რომლებიც, ასე ვთქვათ, საკრედიტო ბარათებს წარმოადგენდნენ.

4. მარილი

მარილი ყოველთვის ძვირად ფასობდა. ეს პროდუქტი არა მარტო საკვებისთვის გემოს მისაცემად გამოიყენებოდა, არამედ სარიტუალო მოქმედებებშიც. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირია, რომ პლანეტის ზოგიერთ ადგილას მას ფულის სანაცვლოდ იყენებდნენ. ეთიოპიაში მარილს ოქროზე მეტი ფასი ჰქონდა, მისი გაცვლა ნებისმიერ რამეზე შეიძლებოდა, მათ შორის, პატარძალზეც.

5. მეტალის რგოლები

რკინის, თითბერის და ძვირფასი მეტალების რგოლები ფულის სანაცვლოდ დასავლეთ აფრიკაში გამოიყენებოდა. რკინითა და თითბერით საკვების, მომსახურების და ინვენტარის შეძენა შეიძლებოდა, ხოლო ოქროსა და ვერცხლის რგოლებით – მონების ყიდვა ან ტყვეთა გამოსყიდვა.

6. ჩიტის ბუმბული

ტროპიკული ფრინველების ბუმბულს სოლომონის კუნძულის მოსახლეობა იყენებდა. იმისთვის, რომ ეს მსუბუქი ვალუტა არ დაეკარგათ, ბუმბულებს ერთმანეთზე აწეპებდნენ ან კონებად ახვევდნენ. ბუმბულის სანაცვლოდ, შესაძლებელი იყო კანოეს ან შუბის შეძენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პატარძლის ოჯახისთვის გამოსასყიდის გადახდა. მდიდარი ადგილობრივები საყიდლებზე მთელი ხვეულით მიდიოდნენ.

7. ჩაის ბრიკეტი

დაპრესილი ჩაის ფოთლების ბრიკეტები გამოიყენებოდა ინდოეთში, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში და ტიბეტში. გაყალბებისგან თავის დასაცავად, მათზე დატანილი იყო სხვადასხვა ნიშანი და გერბი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები