რატომ არის უკმაყოფილო დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა მიმდინარე საპროტესტო აქციებით და რა საუბარი შედგა ენმ-ის ერთ-ერთ ოფისში გუშინ – რას უყვება “კურიერს” წყარო

რატომ არის უკმაყოფილო დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა მიმდინარე საპროტესტო აქციებით? – როგორც “კურიერს” წყარო უყვება, გუშინ, ბროსეს ქუჩაზე მდებარე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ოფისში დიმიტრი ჩიქოვანსა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებს, მათ შორის იგორ ნარმანიას შორის საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. კეზერაშვილის ცოლის ძმის გაღიზიანების მიზეზად, აქციებიდან სასურველი მუხტისა და შედეგის ვერ მიღება სახელდება.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ “რუსთავი 2“-ს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ მიაწოდა ინფორმაცია. სწორედ მისი განმარტებით, ჩიქოვანი შეხვედრაზე აცხადებდა, რომ “დემონსტრაციების ორგანიზებისთვის მას უკვე მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და შედეგს ვერ იღებს”.

დიმიტრი ჩიქოვანთან საუბარს “კურიერთან” ადასტურებს იგორ ნარმანია, თუმცა შეურაცხყოფის ფაქტს ის უარყოფს.

“დიმა ჩიქოვანი ვნახეთ, ჩვეულებრივ ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რა მილიონის დახარჯვა? სისულელეა თავიდან ბოლომდე. შეხვედრა და კომუნიკაცია ჩვენ დიმიტრი ჩიქოვანთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ჩვეულებრივ გვაქვს და ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავთ. დანარჩენი სისულელეა, არანაირი შეურაცხყოფა არ იყო,” – ამბობს იგორ ნარმანია.

ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს თავად დიმიტრი ჩიქოვანი.

“აქციას არ სჭირდება დაფინანსება. თუ რამე მტკიცებულება არსებობს, დამბრალებელმა მოიტანოს,” – ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები