გიორგი გვაზავა – ქართველი სამხედრო საფრანგეთის იატაკქვეშეთში
გიორგი (ჯამლეტ) გვაზავა დაიბადა 1916 წლის 27 აპრილს. ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, იურისტისა და მწერლის, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ოჯახში. მისი დედა იყო ნინო ჩერქეზიშვილი (ჩერქეზი). ჯამლეტი და მისი უფროსი და მზია (1914–2000) თბილისში დაიბადნენ. 1921 წელს ოჯახმა ოკუპირებული საქართველო დატოვა და საფრანგეთს შეაფარა თავი.
ჯამლეტი ემიგრაციაში გაიზარდა, საფრანგეთი იქცა მის მეორე სამშობლოდ და ისიც ერთგულად ემსახურა მას. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ,1940 წელს, II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, კურსანტი გვაზავა სამხედრო–საჰაერო ძალებში გაიწვიეს. უმცროსი ლეიტენანტის ჩინით იბრძოდა ლეიტენანტ ჟან–როჟე კაუფმანის ასეულში და ბრძოლით მიაღწია პუატიეს სამხრეთით მდებარე ქალაქ მარუს. დემობილიზაციის შემდეგ მცირე ხნით დაუბრუნდა სამართლის შესწავლას, თუმცა ვერაფრით შეეგუა საფრანგეთის დამარცხებას და ეძებდა ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას.
1942 წლის ივნისში ჯამლეტ გვაზავა შეუერთდა საფრანგეთის იატაკქვეშეთში მოქმედ მებრძოლთა რიგებს და გახდა „საფრანგეთის მეომარი ძალების“ წევრი პირადი ნომრით – 68654.
გენერალ დე გოლის მოწოდებით, ფრანგმა პატრიოტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშალეს წინააღმდეგობის მოძრაობა (საიდუმლო ფრონტი), რომლის ამოცანა იყო ყველანაირად შეეშალათ ხელი გერმანელი ოკუპანტებისათვის. ალიანსის ამოცანა იყო ინგლისელებისათვის მიეწოდებინათ რეალური ინფორმაცია საფრანგეთში განლაგებულ მოწინააღმდეგის ნაწილებზე, კერძოდ, სამხედრო ბანაკების, აეროდრომების, წყალქვეშა ნავების ბაზების დისლოკაციის ადგილების ჩვენება, იარაღის, ჯარებისა და სამხედრო კოლონების მოძრაობების გადაცემა.
დაზვერვის იატაკქვეშა ქსელმა დიდი დახმარება გაუწია ინგლისის საიდუმლო სამსახურს ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე აქტიური მოქმედებისათვის. ქსელი ურთულეს საველე პირობებში უზრუნველყოფდა თვითმფრინავების მიღება–გაცილებას. ამ თვითმფრინავებს ინგლისიდან საფრანგეთში გადმოჰყავდათ სამხედრო სპეციალისტები და ასევე საფრანგეთში მებრძოლი პატრიოტებისათვის მოჰქონდათ საბრძოლო მასალები, პროდუქტები და საჭირო ნივთები.
ფაშისტებმა იატაკქვეშა ქსელი არაერთხელ დაარბიეს, მისი ყოველი მეათე წევრი დახვრიტეს, მაგრამ ის ყოველთვის ცოცხლდებოდა და განაგრძობდა ბრძოლას ოკუპანტთა წინააღმდეგ. გაღებული მსხვერპლი დიდი იყო – მტერთან ბრძოლას შეეწირა საფრანგეთის 438 პატრიოტი.
ჯამლეტ გვაზავა მუდმივად იყო საიდუმლო ფრონტის სამსახურში. დამხმარე აქციების გარდა, მონაწილეობდა 1944 წლის აპრილში ჩატარებულ ვოჟგერის ოპერაციაში. მაიორი ვოჟგერი 90 გერმანული ქარხნის კოორდინატორი იყო, რომლებშიც გერმანული ფაუ–1 და ფაუ–2 რაკეტების ნაწილებს ამზადებდნენ. მაშინ გვაზავას პატარა მექანიკური ქარხანა ჰქონდა და ამის საფუძველზე დაუახლოვდა ვოჟგერს. პოლკოვნიკ რემის დახმარებით, მან მოახერხა მაიორი ვოჟგერის ინგლისელებისათვის, შემდეგ კი, ამერიკელებისათვის გადაცემა.
პოლკოვნიკ რემისა და ფრანგული სპეცსამსახურების დავალებით ჯამლეტ გვაზავა მივლინებულ იქნა პარტიზანულ რაზმებში. იგი იყო ამერიკელ 94–ე დივიზიონთან მეკავშირე ოფიცერი.
ჯამლეტ გვაზავამ ბევრ ძალზედ რთულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ერთ–ერთი ასეთი იყო სენ–ნაზერის „ჯიბეში“ დატყვევებულ 200 000 ფრანგთან კავშირის დასამყარებლად მდინარე ვილენის ფსკერზე მაღალი ძაბვის ხაზის ქვეშ სადენის გაყვანა, რაც მან პატარა ნავით, ავტომატითა და ერთი ხელყუმბარით, გაწაფული ტექნიკოსივით მოაგვარა. როგორც გერმანული ენის მცოდნემ, მანვე იკისრა გერმანელებთან მოლაპარაკება და ჰერცოგ როანის დავალებით, ამერიკელებთან ერთად, კატარღით გადავიდა მდინარე ვილენზე. მიუხედავად ძალიან სახიფათო ვითარებისა, ჯამლეტ გვაზავამ პარლამენტარები მშვიდობით გადაიყვანა, თუმცა თვითონ მსუბუქად დაიჭრა.
მისი უჩვეულო საქმეებიდან ზოგიერთი ეპიზოდი უცნობი დარჩა, რაც შეიძლება, საბრძოლო დავალებათა საიდუმლო ხასიათით აიხსნას. მის სიმამაცეს აღიარებდნენ „რეზისტანტის“ მებრძოლები და მოკავშირეთა ოფიცრები.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯამლეტ გვაზავა სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. დაინტერესდა ხელოვნებით, შეისწავლა ფერწერა, ქმნიდა მცირე ქანდაკებებს. უცხოეთში კარგად არის ცნობილი მისი ნაშრომები, რომლებითაც იგი ხელოვნების ინდუსტრიალიზაციის წინააღმდეგ ილაშქრებს. ერთ–ერთი წიგნის დასახელებაა „Art et Crime“ ანუ „ხელოვნება და მისი დამდაბლება“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯამლეტ გვაზავამ მთელი ცხოვრება უცხოეთში გაატარა, სამშობლოსთან სულიერი კავშირი არასდროს გაუწყვეტია, კარგად მეტყველებდა ქართულად, კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიასა და ხელოვნებას. როგორც კი შესაძლებელი გახდა, რამდენჯერმე ესტუმრა სამშობლოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ვიზიტი 1986 წლის ივნისში, როცა მან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა თავისი მინიატურული ქანდაკება „ამორძალი“ (ბრინჯაო).
სამწუხაროდ, ჯამლეტ გვაზავას პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით.