კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2024 წლის 22-24 აპრილს იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება.

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA), რომელიც 50 წევრისგან შედგება და არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და UNWTO-ს აფილირებული წევრი, მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით თერმული და კულტურული მემკვიდრეობის წახალისებას, დაცვასა და გაძლიერებას.

EHTTA-ს გენერალური ასამბლეა წელიწადში ორჯერ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კურორტების განვითარების სააგენტომ, 2024 წლის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გენერალური ასამბლეის ოფიციალური ნაწილი შედგება ევროპის თერმული მემკვიდრეობის და ტურიზმის კონფერენციის და ასოციაციის შიდა სამუშაო შეხვედრებისგან. მოწვეული სტუმრები გაეცნობიან კურორტ წყალტუბოს განვითარების ხედვასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდას შეუწყობს ხელს.

კონფერენციას ასოციაციის 30-მდე წევრი, ევროპის თერმული ქალაქების ათზე მეტი მერი და ვიცე-მერი, კურორტების მფლობელები, გენერალური მენეჯერები და საქართველოს სხვადასხვა კურორტის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს წყალტუბოში მოქმედი თერმულ-რადონული მინერალური წყლების აბაზანები და გაეცნენ კურორტის ისტორიულ მემკვიდრეობას.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი საირმესა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები