“პროფესიული განათლება არაპრესტიჟულად მიიჩნეოდა, დღეს ეს შეიცვალა, უფრო პრაგმატული თაობა მოდის” – დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

“სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული განათლება არაპრესტიჟულ, არაპოპულარულ მიმართულებად მიიჩნეოდა. ვფიქრობ, ეს შეიცვალა, დღეს უფრო პრაგმატული თაობა მოდის, რომელმაც კარგად იცის, რომ სჭირდება პროფესიები, რომელიც შეიძლება, შემოსავლის ძირითადი წყარო იყოს”, – ამის შესახებ პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა, მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტაკიძემ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეიდან დაიწყო.

“რეგისტრაცია ძალიან მარტივია. არის პორტალი vet.emis.ge, სადაც მსურველებს შეუძლიათ, შევიდნენ და სასურველ პროგრამაზე, სასურველ კოლეჯში დარეგისტრირდნენ. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ პროფესიული განათლება უფასოა. რაც შეეხება მოთხოვნის გაზრდის საკითხს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ეკონომიკა იზრდება, მოთხოვნა დასაქმებაშიც იზრდება. ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული დისბალანსია, ანუ ბაზარს გაცილებით მეტი ადამიანი სჭირდება, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესში დასაქმდება, ვიდრე ამის მიწოდება ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ადამიანი მოვამზადოთ, ბიზნესიდან გაცილებით მეტზეა სურვილი, რომ ეს ადამიანები თავისთან დაასაქმონ. ქვეყანაში 200 -ზე მეტი პროფესიაა ავტორიზებული. საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით გეოგრაფიული დაფარვა ძალიან დიდია. ნებისმიერ რეგიონს აქვს იმის საშუალება, რომ მოქალაქემ პროფესიულ კოლეჯს მიმართოს. დღეს პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობის
ზრდაში, პოპულარიზაციაში გარდატეხა ხდება. ამის წინა მიღებაზე, პროფესიულ განათლებაზე 3000- 4000-ით მეტი ადამიანის განაცხადი გაკეთდა, ვიდრე წინა მიღებებზე, ახლა იმედი გვაქვს, რომ მიღებაზე, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, გაცილებით მეტი მოთხოვნა იქნება.

წლების განმავლობაში ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული განათლება არაპრესტიჟულ, არაპოპულარულ მიმართულებად მიიჩნეოდა. ვფიქრობ, ეს შეიცვალა, დღეს უფრო პრაგმატული თაობა მოდის, რომელმაც კარგად იცის, რომ სჭირდებათ პროფესიები, რომლებიც შეიძლება, შემოსავლის ძირითადი წყარო იყოს. ევროპაში ასეთი პროცენტული დაყოფაა: 60% მიდის პროფესიულ განათლებაში, 40% კი აკადემიურში, ჩვენთან დაახლოებით ასეა: 65% მიდის აკადემიურ განათლებაში, 35 % კი პროფესიულში.
დღეს პროფესიული განათლების მიღების ბევრი მსურველია. წინასწარი მონაცემებით, მარტო კოლეჯ “სპექტრის” მაგალითი რომ ავიღოთ, ვიცით, რომ 1-ელ ადგილზე დაახლოებით 3-4 ადამიანი იქნება, ანუ საკმაოდ დიდი კონკურსი იქნება. ადრე ასე არ იყო. ამას ბევრი მუშაობა სჭირდებოდა, შესაბამისად, შედეგიც მივიღეთ.

რაც შეეხება მიღების კრიტერიუმებს: მთავარია სურვილი, მეცხრე კლასის დამამთავრებელი სასკოლო ატესტატი, vet.emis.ge-ზე რეგისტრაცია, შემდეგ მოდიან კოლეჯში და ხდება შიდა ტესტირება, რაც უმარტივესია.

მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ 2 მიღება გვექნება: ესაა საგაზაფხულო მიღება, სადაც, შესაძლოა, კვოტიდან გამომდინარე ყველა პროფესიაზე ვერ მივიღოთ ადამიანები, მაგრამ შემდეგ საშემოდგომო მიღებაც იქნება. მეორე ეტაპზე შეგვეძლება, ყველა მსურველი დავაკმაყოფილოთ. ბოლო პერიოდში საოცარი გარდატეხა ხდება, პროფესიული განათლების გაახალგაზრდავება, ანუ პროფესიულ განათლებას ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიმართავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ: თუ გვინდა, ეკონომიკას კიდევ უფრო გაძლიერების საშუალება მივცეთ, საჭიროა, ახალგაზრდა თაობაში ინვესტიცია ჩაიდოს, რომელიც მომზადებული, უნარებით აღჭურვილი იქნება და საშუალება ექნება, შემდეგ ამა თუ იმ ბიზნესში მუშაობა დაიწყოს. ახალგაზრდების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა იმისა, რომ დაფინანსების სრული საშუალებაა, არის თანამედროვედ აღჭურვილი ლაბორატორიები, მომზადებული პედაგოგები, ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციები. ჩვენ რამდენიმე მიმართულება გვაქვს: ერთი, როდესაც ადამიანი მოდის და პროფესიულ განათლებას იღებს და მეორეა დუალური განათლების სისტემა, გერმანული მოდელი, სადაც სწავლა კეთებაზეა დაფუძნებული. ადამიანი სწავლის 50%-ს საწარმოში, ბიზნესში გადის,ხოლო 50%-ს კოლეჯის სივრცეში. ბიზნესის ჩართულობა ძალიან მაღალია. ბიზნესი შემოდის არა მხოლოდ იდეებით, თავის პროგრამების განვითარების სურვილებით, არამედ თანაინვესტირებით. ჩვენ ათეულობით ბრენდირებული ლაბორატორიები გაგვაჩნია, რომელიც ბიზნესის მიერაა დაფინანსებული.
ასევე, აღვნიშნავ უმნიშვნელოვანეს ხაზს, რომელიც პროფესიულ განათლებაში მიმდინარეობს, ესაა შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლება. მინდა, მოსახლეობას მივმართო: სტიგმა დავამსხვრიოთ, ყველას მივცეთ საშუალება, ჩვენამდე მოვიდეს და ის სერვისები მიიღოს, რომელიც ჩვენთანაა დანერგილი. ჩამოვთვლი სერვისებს: ავტოტრანსპორტის მომსახურება მათთვის, ვისაც სჭირდება, ასევე, თუ ამის საჭიროებაა: ჟესტიკულაციის პედაგოგი, მობილობის მწვრთნელი, ჟესტიკულაციის პედაგოგი, ასევე ყველა ის ტექნიკური საჭიროება , რაც კოლეჯებშია დანერგილი, რათა განათლების მიღება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოხდეს”, – განაცხადა ტაკიძემ

მათე ტაკიძემ აღნიშნა, რომელია ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები.

” ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მოთხოვნის მიმართულებით პირველ ადგილზეა სამშენებლო ინჟინერია, ასევე მოთხოვნადია საექთნო საქმე, IT ტექნოლოგიები, ავტოინჟინერია, ელექტრო მიმართულებები, აგრარული მიმართულება, ტექსტილი, ჭრა-კერვა. ამ მიმართულებებზე დიდი მოთხოვნაა, ყველა დარგში კადრების დეფიციტია. ამ დარგებში ნებისმიერი მომზადებული კადრი ბიზნესისთვის ძვირფასია”, – განაცხადა ტაკიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 აპრილიდან იწყება და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

“რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მოქმედი წესი უზრუნველყოფს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ასევე, ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.

2024 წელს, მიღება ცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზეც, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის.

ამასთან, რეგისტრაცია მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში”- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები