პაატა კვიჟინაძე – ოპოზიციას: ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რაზე საუბრობთ

“ერთ პიროვნებაზე აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო – ჯერ გაერკვიეთ, რაზე საუბრობთ”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, რუსეთთან მიაბას აღნიშნული ოფშორული კომპანიები, თუმცა ისინი დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები არიან.

„ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო. თან, ერთ პიროვნებაზე აქამდე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა იძახით შემოდის და აქ აბანდებსო – ჯერ გაერკვიეთ, რაზე საუბრობთ. ეს ხალხი ამ წუთას ხომ საზღვარგარეთ არის – თუ არ შემოვლენ, არაფერი იქნება, არც ზარალი, არც მოგება, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ, დავაინტერესოთ და საქართველოში გადმოვიდნენ არამარტო ისინი, სხვებიც, ეს ნიშნავს, რომ ისინი გახსნიან წარმოებებს, დაბეგვრა იქნება ა.შ. იქნება სარგებელი. თუ არ მოვეხმარებით და არ გადმოვლენ, ზარალი როგორ იქნება? არიან იქ და იქნებიან, ვინ უშლით? რუსეთთან აბამენ ამას, რუსეთს არ აქვს არავითარი ოფშორი და არც რუსული ფული არსად მოქმედებს ამ პიროვნებებზე. საერთოდ არ აქვთ არანაირი კავშირი. ესენი არიან დასავლეთის იურისდიქციაში მყოფი ორგანიზაციები და თუ ვინმე დასანქცირებულია, ის უკვე გაჩერებულია, საქართველოში გადავა, ინგლისში თუ იტალიაში, იმას ეს არ უშველის. თუ ვინმე დასანქცირებულია, იმის თემა უკვე დახურულია, არაფერი უშველის. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ოფშორი არის გაუმჭვირვალე, თუ ის საქართველოში გადმოვა, იქნება გამჭვირვალე, რა გაქვთ საწინააღმდეგო, ვერ გავიგე? რეესტრში იქნება დარეგისტრირებული“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის პირველ იანვრამდე განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები