ირენა სენდლერი – ქალი, რომელმაც გეტოდან 2500 ბავშვი დაიხსნა

ირენა სენდლერი წინააღმდეგობის მოძრაობის პოლონელი აქტივისტი გახლდათ. ის იყო კათოლიკე სოციალური მუშაკი, რომელიც  პოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციებში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სენდლერი, როგორც ვარშავის ჯანდაცვის ზედამხედველობის თანამშრომელი და პოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი, ხშირად სტუმრობდა ვარშავის გეტოს, სადაც მზრუნველობას უწევდა ავადმყოფ ბავშვებს. სენდლერმა და მისმა ამხანაგებმა გეტოდან, საიდუმლოდ, 2500 ბავშვი დაიხსნეს, რომლებიც შემდგომ გადასცეს პოლონეთის ბავშვთა სახლებს, კერძო ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებს.


ირენა სენდლერი დაიბადა 1910 წლის 15 თებერვალს ქალაქ ვარშავაში. მამამისი სტანისლავ კრჟიჟანოვსკი პროფესიით ექიმი იყო, რომელიც 1917 წელს ტიფით გარდაიცვალა. სენდლერი ბავშვობიდან თანაუგრძნობდა ებრაელებს. გერმანელების მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ირენა ვარშავაში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ 1939 წელს, როდესაც ფაშისტები თავს დაესხნენ პოლონეთს, სენდლერი დახმარებას უწევდა ებრაელებს. მან, თანამშრომლებთან ერთად, 3000-მდე ყალბი დოკუმენტი შექმნა, რათა  ებრაელ ოჯახებს დახმარებოდა. 1943 წლის აგვისტოში სენდლერმა „ჟეგოტას“ ბავშვთა სექცია ჩაიბარა. სენდლერს, როგორც სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენელს, ვარშავის გეტოში შესვლის სპეციალური უფლება ჰქონდა, სადაც ავადმყოფებს ტიფის სიმპტომებზე სინჯავდა. ამ ვიზიტების დროს სენდლერი, ებრაელების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, თან ატარებდა დავითის ვარსკვლავს.

კოლეგებთან ერთად, ფარული გზით, მან გეტოდან ებრაელი ბავშვები დაიხსნა. როდესაც ტიფი ფართოდ გავრცელდა, სენდლერი, სანიტარული გარემოებების საბაბით, გეტოში პაციენტებზე დაკვირვებებს ატარებდა. მას პატარა ბავშვები სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ტრამვაით გადაჰყავდა, ზოგჯერ კი, მათ პაკეტებად ფუთავდა.

საბოლოოდ, ნაცისტებმა მისი საიდუმლო საქმიანობა გამოავლინეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა „ჟეგოტამ“ გერმანელი ყარაულები მოისყიდა და სენდლერიც გადარჩა. ომის დასრულებამდე იატაკქვეშეთში ცხოვრობდა. პოლონეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას პოლონეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა დევნიდა. სწორედ ამ პერიოდში ფეხმძიმე სენდლერს მუცელი მოეშალა.

სიცოცხლის ბოლოს ირენა სენდლერი დაჯილდოვდა პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი თეთრი არწივის ორდენით. 2007 წელს იგი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე.

ირენა სენდლერი გარდაიცვალა 2008 წლის 12 მაისს ქალაქ ვარშავაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები