ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, – ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული.
“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს”, – წერია განცხადებაში.