18 აპრილი ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა

18 აპრილი დიდი ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა. ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს (ძველი სტილით 5 აპრილს) თელავში დაიბადა.
ელენე ახვლედიანს აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. მისი პედაგოგები იყვნენ: ნიკოლა სკლიფასოვსკი, ბორის ფოგელი, გიგო გაბაშვილი.
ელენე ახვლედიანი 1918-1920 წლებში თბილისის დაწყებით სკოლებში ხატვის პედაგოგი იყო. მისი ნამუშევრები პირველად 1919 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 1921 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1922 წელს კი სასწავლებლად გაემგზავრა ჯერ იტალიაში, მილანში, ხოლო შემდეგ – პარიზში. 1924 წლიდან კოლაროსის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა.
მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1926 წელს სწორედ პარიზში გაიმართა.
1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში; 1928 წლიდან მუშაობდა თეატრის მხატვრად კ. მარჯანიშვილის თეატრში(ქუთაისი); გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი” (1942-1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში” (1932-1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი); ჯ. პუჩინის „ბოჰემა” (1944-1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია); ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი” (1955-1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი).
მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი” (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი” (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი”(1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე”(1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი”(1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი” (1954 საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), „იმერეთი” (1956, საქართველოს სურათების გლერეა, თბილისი), „შემოდგომა” (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი.
ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც; მას ეკუთვნის: ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი”, ჰ. ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის”, ვ. ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის”, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას” ილუსტრაციები.
მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები