ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.

„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში 9-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება დიდუბის რაიონშიც.

„დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები