წარმოგიდგენიათ, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე ქართველმა მხატვარმა შექმნა?
ძნელია იმის გამოსახვა, რაც შენ თვითონ არ გინახავს, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ნიჭი და შესანიშნავი ფანტაზია, მაშინ ეს ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ქართველი მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე ანტიკური სამყაროს თემატიკაზე კლასიკურ ტილოებს ხატავს. მისი ნახატებიდან გვიყურებენ უძველესი გმირები, ღმერთები, ფარაონები და უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ.
ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. იგი ვეფხვაძეთა ოჯახის ხელოვანთა მეოთხე თაობას ეკუთვნის. ტრადიციას სათავე დაუდო დიდმა ბაბუამ, საქართველოს სახალხო მხატვარმა, ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა, ჯოვანიმ (1949).
ბრუნომ ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობისადმი. 1993 წელს იგი ჩაირიცხა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სწავლობდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ცნობილი ქართველი მხატვრის, თ.ჩხუტიშვილის კლასში. ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი „გათავისუფლებული იერუსალიმი“, 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის რესტავრატორის სპეციალობით. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და აშშ-ში.
აღსანიშნავია, რომ 2 თვის წინ, პირველად ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა. საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის, „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე.
როგორც ცნობილია, თავად ნახატი Sotheby’s აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა. ნახატი ამერიკული რეალისტური მხატვრობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა.
„სურათი სახელად „რომაული გაზაფხული“, საერთოდ არ არის კავშირში იტალიასთან. საყვავილეში მოთავსებულია თბილისის გარეუბანში შეგროვებული ყვავილები“, – ამბობდა ბრუნო ვეფხვაძე.