რატომ არ ჭამენ ებრაელები ღორის ხორცს

ღორის ხორცის მიმართ ებრაელების დამოკიდებულების შესახებ, ალბათ, ყველას გვსმენია. ეს გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან საქმე თვითიდენტობის იმ ნაწილთან გვაქვს, რომელსაც ებრაელები საუკუნეებია, ატარებენ. თუმცა, რატომ მაინც და მაინც ღორი და არა საქონელი ან, სულაც, თევზი?

არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ არიდებენ თავს ებრაელები ღორებსა და მათ ხორცს. ძირითადი ვერსია არის ის, რომ ამ პროდუქტის ჭამა იუდეველებს თავად უფალმა აუკრძალა. ყველაფერი, რაც თორაშია დაწერილი – განხილვას არ ექვემდებარება. თუკი ღმერთმა ბრძანა, რომ ღორთან მიკარება არ შეიძლება, დაე, ასე იყოს.

იუდაიზმის ზოგიერთი შემსწავლელი თვლის, რომ ღორის ხორცის აკრძალვა ებრაელების ისტორიული სამშობლოს მდებარეობას უკავშირდება, რომელიც ცხოველის შენახვისა და მოვლა-პატრონობის პირობებს ვერ უზრუნველყოფს. თუმცა, როგორც გათხრების შედეგად გახდა ცნობილი, კლიმატი აქ არანაირ როლს არ თამაშობდა. არქეოლოგებმა ბევრი ღორის ძვალი იპოვეს, რომელიც ამ მიდამოებში სხვა ხალხებმა დატოვეს.

ალბათ, არ იქნება აქტუალური არც სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვერსიაც, რომელსაც ასევე ჰყავს მომხრეები. ამ ვერსიის თანახმად, აკრძალვა დაკავშირებულია ტრიქინელოზთან, რომელიც ადამიანს, ძირითადად, ღორისგან გადაეცემა, მაგრამ ეს დაავადება მხოლოდ 1859 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ძველ დროს ამის დიაგნოსტირებას, ალბათ, ვერ მოახდენდნენ.

ყველაზე დამაჯერებელი ვარიანტი თვითიდენტობის დადასტურების აუცილებლობაა. ებრაელები დიდხანს ცხოვრობდნენ ბერძნებისა და რომაელების გვერდით, რომლებიც ღორს, ფაქტობრივად, თაყვანს სცემდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ძველი სემიტები ტახზე ლოცულობდნენ და რელიგიის შეცვლის შემდეგაც ის მათთვის ხელშეუხებელ ცხოველად დარჩა.

იუდაიზმში არის დღესასწაული ხანუქა, რომელიც ხორცის ამ სახეობის აკრძალვასთანაა დაკავშირებული. ამას საფუძვლად უდევს მაკაბეების ოჯახის წამება, რომელმაც უარი თქვა საკუთარი რწმენის კანონების დარღვევაზე. სირიელმა მეფე ანტიოქე IV ეპიფანემ შვიდი ძმა და მათი დედა დააპატიმრა. ის ცდილობდა, მათთვის ღორის ხორცის ჭამა დაეძალებინა. როდესაც უარი განაცხადეს, მმართველმა ოჯახის ამოწყვეტა ბრძანა.

შუა საუკუნეებში, განსაკუთრებით ინკვიზიციის ეპოქაში, ფართოდ იყო გავრცელებული იუდეველების ქრისტიანებად მოქცევა, ღორის ხორცის დაძალებით. პორტუგალიაში განსაკუთრებული ძეხვიც კი შექმნეს, რომელიც დიდი სიზუსტით ახდენდა ღორის ხორცის იმიტირებას, მაგრამ არანაირ კავშირში არ იყო მასთან. მის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე სახეობის ხორცი, რომელიც განსაკუთრებულ დამუშავებას ექვემდებარებოდა.

რელიგიურმა აკრძალვამ თავისი ანარეკლი ისრაელის სახელმწიფო კანონმდებლობაშიც იპოვა. 1962 წელს ღორების გამრავლება კანონით იყო აკრძალული, მაგრამ არსებობდა გამონაკლისებიც. აკრძალვას არ ექვემდებარებოდნენ ქრისტიანი არაბები და მეცნიერები, რომლებიც ღორებს თავის ექსპერიმენტებში იყენებდნენ.

მიუხედავად კანონისა, ზოგიერთი ნაკლებად რელიგიური იუდეველი მაინც ყიდულობდა ღორის ხორცს. ზოგიერთ კიბუცში, საერთოდ, ღორების ფერმით აღჭურვილი „სამეცნიერო ლაბორატორიებიც“ გაჩნდა. შედეგად, ქვეყნის ხელისუფლებას 1970 წელს პოლიციის სპეციალური დანაყოფის შექმნა მოუწია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, ღორების ყიდვა-გაყიდვას ადევნებდა თვალს.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, ისრაელი ღორის ხორცის მოყვარულებით გაივსო. ქვეყანაში მაშინვე გაიხსნა ბევრი ხორცის მაღაზია, სადაც ოდესღაც აკრძალულ საკვებს სთავაზობენ. ნიშანდობლივია, რომ მსგავსი მაღაზიების უმეტესობაში რუსულად საუბრობდნენ.

აშშ-ის ებრაულ თემებში ყველაფერი კიდევ უფრო რთულად იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ რაიონში მდებარე რესტორანი Traif, სადაც ჰიპსტერებსა და კრეატიულ ახალგაზრდებს უყვართ ყოფნა. ეს დაწესებულება მომხმარებლებს ღორის ხორცს ყველა შესაძლო ფორმით სთავაზობს. ირონია ის არის, რესტორნის მეპატრონეები ებრაელები არიან და თავად სიტყვა „Traif“ ებრაელებში ნიშნავს საჭმელს, რომლის ჭამაც აკრძალულია. ამას გარდა, ვითარების აბსურდულობას ისიც ემატება, რომ რესტორანი ნიუ-იორკის უდიდესი ჰასიდური თემის საზღვარზე მდებარეობს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ Traif-ის მფლობელებს საქმეები კარგად არ მისდით, მაგრამ ეს ასე არ არის – საკმარისზე მეტი ადამიანია, ვისაც იქ ღორის გასინჯვა სურს. უფრო მეტიც, ეს ადგილი შეკრებებისთვის ყოფილმა მართლმადიდებელმა ებრაელებმა აირჩიეს, რომლებმაც რეფორმაციის გეზი აიღეს. ამ ადამიანებს სურთ, შექმნან ახალი ებრაული იდენტობა, რომელშიც ღორის ხორცის აკრძალვა არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები