თბილისის მერია პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია წარმატებული პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასაქმებითა და კვალიფიკაციის გაზრდით დაინტერესებული მოქალაქეები შესაბამისი კურსების გავლას ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებენ.

„ქვეყანაში სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამოწვევა გვაქვს – არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და არსებობს ბიზნესსექტორი, რომელიც ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ვიწყებთ ჩვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული პროგრამის – „ისწავლი და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. 10 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე – www.dasakmdi.ge პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობას კერძო სექტორთან თანამშრომლობით. აღნიშნულ კურსებზე ჩვენი თანამოქალაქეების გადამზადებას ყოველგვარი გადასახადების გარეშე ვახდენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამას წელს 15 ახალი მიმართულება დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 65 სპეციალობაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულ კურსებზე სწავლას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მომზადება/გადამზადებას გაივლის 1 000-მდე მოქალაქე. ბოლო წლების განმავლობაში, გადამზადდა 9 000-ზე მეტი მოქალაქე და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სიახლე გვაქვს – ვისაც სურს ონლაინ კურსებზე სწავლა და ამისთვის ესაჭიროება შესაბამისი ადგილი, მათ მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ახლად რეაბილიტრებული მულტიფუნცქიური ბიბლითეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები