საბჭოთა გამოსაფხიზლებელი – უშინაარსო და დაუნდობელი დაწესებულება

1999 წლის 12 აგვისტოს უკრაინაში სამედიცინო გამოსაფხიზლებლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთში მსგავსი ობიექტების შემცირება 1990-იან წლებში დაიწყო, ხოლო 2011 წლის ოქტომბერში ყველა დაწესებულება დაიხურა.

როგორ მუშაობდა საბჭოთა გამოსაფხიზლებელი? – მშობლიური სახლი ლოთებისთვის და კოშმარი შეზარხოშებული რიგითი მოქალაქეებისთვის.

ყველა საბჭოთა მოქალაქეს „ადამიანურის იერსახის“ შენარჩუნება ევალებოდა, მაგრამ ამას ყველა ვერ ახერხებდა. სისტემის აზრით, პირები, რომლებიც ალკოჰოლს საზოგადოებრივ ადგილებში იღებდნენ, არა მხოლოდ კომუნიზმის მშენებლობას აფერხებდნენ, არამედ სხვებსაც უშლიდნენ ხელს, კონცენტრირებულიყვნენ მთავარ, საერთო საქმეზე.

ლოთებისგან ქუჩების ოპერატიულად გასათავისუფლებლად, 30-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიხსნა გამოსაფხიზლებელი დაწესებულებები. „გამოცდილ“ ლოთებს ეს ხელს არ უშლიდა და სულაც არ იყვნენ წინააღმდეგნი, ღამე იქ გაეტარებინათ, მაგრამ, აი, რიგითი მოქალაქეებისთვის გამოსაფხიზლებელში ვიზიტი შესაძლოა, სამსახურში საქმის გაფუჭების წინაპირობა გამხდარიყო.

გამოსაფხიზლებელ სადგურებს თავიდან ჯანდაცვის სახალხო კომისარიატი აკონტროლებდა და მათში მხოლოდ ექიმები მუშაობდნენ. მათ არ იცოდნენ კონტინგენტთან ურთიერთობის ყველა ნიუანსი, ამიტომ ზოგჯერ კომიკური სიტუაციები იქმნებოდა. მაგალითად, გაუგებარი იყო, როგორ უნდა მოქცეოდნენ ჩამორთმეულ ალკოჰოლს. ყველაზე ხშირად, დილით, დაუმთავრებელ სასმელს საზოგადოებრივი სიმშვიდის დამრღვევს უბრუნებდნენ და ის დაწყებული საქმის დასასრულებლად მიდიოდა. ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული გახდა, როდესაც 1940 წელს ლავრენტი ბერიამ, პირადი განკარგულებით, გამოსაფხიზლებელი სადგურები შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატს დაქვემდებარებაში გადასცა. იქ მორიგეობა არა მხოლოდ მედიკოსებს, არამედ პოლიციელებსაც უწევდათ.

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, თითოეულ გამოსაფხიზლებელ ცენტრს ჰქონდა გეგმა. აქედან გამომდინარე, კვარტლის ბოლოს ფორმიანი მამაკაცები მორიგეობდნენ ქალაქის, თითქმის, ყველა პოპულარულ რესტორანთან. პოლიციის მანქანაში მოხვედრა ძალიან ადვილად შეიძლებოდა, თუნდაც 2-3 ჭიქის გადაკვრის შემდეგ. მთვრალის დაჭერისთვის პოლიციელები ბონუსებს იღებდნენ… ყველაზე აბსურდული კი ისაა, რომ აღნიშნულ ბონუსს დეფიციტური ალკოჰოლური სასმლის კუპონები წარმოადგენდა.

გორბაჩოვის ანტიალკოჰოლური კამპანიის დროს მხოლოდ მოსკოვის გამოსაფხიზლებელ სადგურებზე წელიწადში 300 ათასზე მეტი ადამიანი ხვდებოდა. თუმცა, ამან ალკოჰოლის წინააღმდეგ ომში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი მაინც ვერ შეიტანა

ყველა იქ მოხვედრილს ართმევდნენ ფულს და საბუთებს, უღებდნენ ფოტოს, იწერდნენ პირად მონაცემებს და აფიქსირებდნენ სიმთვრალის დონეს. შემდეგ მათ ტანსაცმელს ხდიდნენ და გაყინული შხაპის მიღებას აძალებდნენ. მათ, ვინც არ მშვიდდებოდა, საწოლზე აბამდნენ. დილაობით, გაღვიძების შემდეგ, მორიგე ადგენდა იმ მოქალაქეების ვინაობას, რომლებსაც გასულ ღამიდან არაფერი ახსოვდათ, ხოლო ექიმი მათ განმეორებით ამოწმებდა. ამის შემდეგ „სტუმრებს“ მიღებული სერვისისთვის ქვითარს უწერდნენ (ბრეჟნევის დროს, დაახლოებით, 10-დან 25 რუბლამდე) და გარეთ უშვებდნენ.

სიგნალი იმის შესახებ, რომ კონკრეტულმა მუშაკმა ან სტუდენტმა ღამე გამოსაფხიზლებელ სადგურში გაათია, მყისიერად იგზავნებოდა სამუშაო ან სასწავლო ადგილზე. ამას მოჰყვებოდა პარტიული „დამუშავება“ და მკაცრი საყვედური. სტუდენტებს გარიცხვა ემუქრებოდათ, ხოლო მომუშავე პირებისთვის შესაძლოა, პრემია მოეხსნათ, ბინის რიგიდან ჩაეხსნათ ან აღარასდროს მიეცათ მათთვის ზღვაზე დასვენების საგზურები.

გამოსაფხიზლებელში არ მიჰყავდათ არასრულწლოვნები, შშმ პირები და ორსული ქალები. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სამხედროები კომენდატურაში მიჰყავდათ. მოქალაქეების ერთადერთი კატეგორია, რომელსაც სახლამდე აცილებდნენ, სხვადასხვა ორდენის მატარებლები და საბჭოთა კავშირის გმირები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები