ვინ იყო კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი გრიგოლ წერეთელი

კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი გრიგოლ წერეთელი დაიბადა 1870 წლის 12 მარტს, სანკტ-პეტერბურგში. მამამისი, თავადი ფილიმონ წერეთელი იურისტი და ქველმოქმედი იყო. დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის სასულიერო და სამხედრო-იურიდიული აკადემიები. ცოლად ჰყავდა ტვერის გუბერნიის გავლენიანი მემამულის, თავად ლუჩაკის ქალიშვილი ანა. მათ ხუთი შვილი შეეძინათ: ელენე, გრიგოლი, პეტრე, ივანე და ზინობი. გრიგოლმა და ელენემ თავიანთი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირეს, ხოლო დანარჩენმა სამმა ვაჟიშვილმა თავი სამხედრო საქმეს მიუძღვნა.


ბავშვობა გრიგოლ წერეთელმა თბილისსა და ვარშავაში გაატარა, შემდეგ კი, პეტერბურგში იზრდებოდა, ინტელექტუალების გარემოცვაში. დედა, ანა ლუჩაკი ცნობილი ფილოლოგი იყო, ხოლო დეიდა – ზინაიდა ლუჩაკი პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი, ბიზანტინოლოგი გახლდათ. სწორედ მან აღძრა ყმაწვილში დიდი სიყვარული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის მიმართ.

1888 წელს გრიგოლ წერეთელმა პეტერბურგის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. 1888-1893 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ბერძნული სტენოგრაფიის ისტორია”, რომელიც ოქროს მედლით დაჯილდოვდა და მისი შემდგომი საქმიანობის ბედიც გადაწყვიტა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის იქვე დატოვეს პროფესორობისთვის მოსამზადებლად. ამავე დროს, აირჩიეს საარქეოლოგიო საზოგადოების წევრად. 1893–1897 წლებში კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიურ ინსტიტუტში და მეათე გიმნაზიაში ძველ ენებს ასწავლიდა. თუმცა, ეს სამუშაო არ აკმაყოფილებდა, რადგან სამეცნიერო საქნიანობა იზიდავდა. მისი ოცნება 1897 წელს ახდა, როცა სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ორი წლით მიავლინეს ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც ულრიხ ვილკენთან პალეოგრაფიასა და პაპიროლოგიაში მუშაობდა. შემდეგ მივლინება გაუხანგრძლივეს, რათა მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ემუშავა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ახალგაზრდა მეცნიერი გაეცნო ვენის, მიუნხენის, პარიზის, ლონდონის, ოქსფორდის, რომის, ვენეციის, ნეაპოლის, ფლორენციის, ათენის მუზეუმებში და ათონის მონასტრების ნიგნთსაცავებში დაცულ ბერძნულ ხელნაწერებსა და პაპირუსებს.

პეტერბურგში1902 წელს დაბრუნდა და უნივერსიტეტში პრივატ-დოცენტად დაიწყო მუშაობა. იქვე 1904 წელს ბრწყინვალედ დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია – „შემოკლებათა სისტემა ბერძნულ ხელნაწერებში”.

მცირე ხანში იგი დორპატის/ იურიევის (ახლანდელი ტარტუს, ესტონეთი) უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. იქ ყოფნისას დაწერა მან მეტი წილი თავისი ნაშრომებისა რუსულ, გერმანულ და ლათინურ ენებზე, მათ შორის, სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „მენანდრეს ახალი კომედიები“.

1914 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 

1914-1920 წწ. იყო სანქტ–პეტერბურგის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი და ხელმძღვანელი.

1917 წელს აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1919 წლის 18 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა გრიგოლ წერეთლის მოწვევა ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მეცნიერმა პეტერბურგში მოღვაწეობას საქართველოში დაბრუნება არჩია.

1920-1938 წლებში ის უძღვებოდა თბილისის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრას, იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ კონსულტანტი და ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელი.

თბილისში გრ. წერეთელმა განაგრძო უაღრესად ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა. სწორედ მან წამოიწყო თბილისის უნივერსიტეტში ბიზანტინოლოგიური კვლევა-ძიება. სწორედ ის არის პირველი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა საქართველოში არსებული ბერძნული წარწერები და უნიკალური ხელნაწერები, ძირითადად, ბიზანტიური პერიოდის.

1923 წელს, ივანე ჯავახიშვილის რჩევით, მან გამოიკვლია გრემის (მე-15 საუკ.)  ისტორიული ფრესკული ბერძნული წარწერა და მცხეთის სვეტიცხოვლის ფრესკებზე დაცული წარწერები.

1923 წლიდან დაწყებული, არდადეგების დროს, თბილისის უნივერსიტეტი გრ. წერეთელს აგზავნიდა  მივლინებაში ლენინგრადისა და მოსკოვის მუზეუმებსა და წიგნთსაცავებში სამუშაოდ. გარდა ამისა, უნივერსიტეტი საშუალებას აძლევდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩასულიყო, იქაურ ცენტრებთან კავშირების დასამყარებლად.

1918–1920 წლებში მეცნიერი იყო ბერლინის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, გერმანიის პაპიროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებისა (1918 წ.) და ბერლინის არქეოლოგიის ინსტიტუტის (1927 წ.) საპატიო წევრი.

1924 წელს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ იგი მიავლინა იტალიაში ნეაპოლის უნივერსიტეტის 700 წლის იუბილეზე მონაწილეობის მისაღებად და საშუალება მისცა ემუშავა იტალიის წიგნთსაცავებში.

1926 წელს თბილისის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება,

1924-1926 წლებში მეცნიერმა გამოსცა მე-11 ს-ის გამოჩენილი ფილოსოფოსის იოანე იტალოსის თხზულებების ორი ტომი. ეს იყო იტალოსის შრომების პირველი გამოცემა.

ასევე დიდი მნიშვნელობის მეცნიერულ ფაქტად იქნა აღიარებული მის მიერ „რუსეთისა და საქართველოს კოლექციათა პაპირუსების“ გამოცემა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გრიგოლ წერეთლის მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. მეცნიერის შუამავლობით, უნივერსიტეტი აწარმოებდა ლიტერატურის გაცვლას უცხოეთის 50 სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან. მისი დირექტორობის დროს (1923-1931 წწ.) ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი ლიტერატურით შეივსო. ხელსაყრელ ფასებში შეიძინეს აკადემიკოს ტურაევის ბიბლიოთეკა. აქედან მრავალი წიგნი ბორის ტურაევის მეუღლემ,  გრიგოლის დამ, ელენე წერეთელმა საჩუქრად გადასცა ბიბლიოთეკას.

სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მთავარ მეცნიერ-კონსულტანტად მუშაობდა გრ. წერეთლის მეუღლე, ევროპული ენების უბადლო მცოდნე სოფიო ივანეს ასული მაქსიმოვა, რომელიც, შალვა ნუცუბიძის მოწვევით, ფილოსოფიის კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გრ. წერეთელი არის პაპიროლოგიის, კლასიკური ფილოლოგიისა და ძველი ბერძნული ლიტერატურის ისტორიის დარგებში გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფიის ავტორი.

ივანე ჯავახიშვილი ამაყობდა მეცნიერის წარმატებებით. 1938  წელს, მისი რეკომენდაციით, გრ. წერეთელი ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის პროფესორად და სამეცნიერო საბჭოს წევრად წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ იგი 10 წლის განმავლობაში კავკასიაში ამ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი წევრ-კორესპონდენტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გრ. წერეთელი არ ეკუთვნოდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არ ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში, ის მაინც განიცდიდა შევიწროებას საქართველოს უშიშროების სამსახურის მხრიდან.

1931 წელს მეცნიერი დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, მაგრამ 1938 წლის 24 მაისს კვლავ დააპატიმრეს. ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და სამშობლოს ღალატი. სასამართლომ 70 წელს მიტანებულ პროფესორს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გრიგოლ წერეთელი თბილისის ციხეში, 1939 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა. უცნობია გარდაცვალების მიზეზი. მისი საფლავი არ არსებობს. მეცნიერის ბიუსტი (ავტორი ლევან სალუქვაძე) დგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს 1957 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ წერეთლის საქმე შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო და იგი რეაბილიტირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები