დუშეთში ცხოვრობს. ბავშვობიდან უყვარდა ბუნება, ტყეში სეირნობა, ხეებისა და ფოთლების გარემოში ყოფნა… შთაგონებაც ბუნებამ მისცა. ხატავს ხის სახლებს და სიმყუდროვეს… უყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გატაცებულია დეკორატიული მცენარეების მოვლით და დეკორატიული ჯიშის ფრინველების მოშენებით.
სამომავლოდ გამოფენას აპირებს.
თვითნასწავლი მხატვრის, ნიკოლოზ ნონიაშვილის პერსონა.
– დუშეთში ცხოვრობთ… საინტერესო ბავშვობიდან?
– დავიბადე და გავიზარდე დუშეთში. ბავშვობაში მშობლებისგან არ ვიყავი შეზღუდული სადმე გაშვებაზე და ხშირად დავდიოდი ტყეებში, ლაშქრობაზე. პატარაობიდანვე ბუნებაში სულიერად კარგად ვგრძნობდი თავს, ვტკბებოდი სხვადასხვა პეიზაჟით.
– პირველი ნახატი პირველ კლასში დაიხატა…
– ხატვა სკოლამდე დავიწყე და, როგორც მახსოვს… წერამდეც. ხეებს და ძაღლებს ვხატავდი. ხშირად სკოლის გამოფენებშიც ვმონაწილეობდი.
– ბუნება, ცხოველები, ფრინველები… ეს ულამაზესი ფერები ნახატებზეც ასახულია…
– შთაგონების წყაროც, თავისთავად, პატარაობიდანვე ბუნების სიყვარული და ის კადრებია, რაც მაშინ დამამახსოვრდა.
– ხის სახლები და სიმყუდროვე… წელიწადის რომელი დროის დახატვა გიყვართ ყველაზე მეტად?
– მართლაც, ხშირად ჩემს ნახატებში ხის სახლებია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მეც ხის კოტეჯი მაქვს და აშკარად ბუნებასაც უხდება. მსგავს სიუჟეტს რომ შეხედავ, ჰარმონიული გარემო იქმნება.
უმეტესად სამ სეზონს ვხატავ – გაზაფხულს, შემოდგომას და ზამთარს. ჩემთვის დასახატავად უფრო მრავალფეროვანი სეზონებია, თუმცა ზაფხულიც ძალიან მიყვარს.
– საინტერესო ამბავი…
– მინდვრის ყვავილებს ვხატავდი დუშეთთან ახლოს, მინდორში და უცებ გაწვიმდა. ავიღე საღებავები, მოლბერტი, ტილო, წავედი მანქანისკენ. დიდი სანიაღვრე მქონდა გადასალახი…გადავლახე, ავედი, დავჯექი მანქანაში და მაშინვე გადაიღო წვიმამ. ისევ გადმოვედი, ისევ მივედი იმ ადგილას, გავშალე ყველაფერი და ისევ წვიმა წამოვიდა. კვლავ უკან დავბრუნდი, ავედი ისევ მანქანაში, მაგრამ იქიდან წასვლა არც მიფიქრია. მინდოდა იმ ნახატის იმ დღესვე დამთავრება და, საბედნიეროდ, მესამედ გამიმართლა, აღარ გაწვიმდა…
– შემოქმედების პირველი შემფასებელი?
– ხან არის შემთხვევა, პირდაპირ საიტზე ვტვირთავ, ხან რამდენიმე მეგობარს ვუზიარებ ხატვის პროცესში…
– ჰობი…
– ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიყვარს ეზოს მოვლა. სხვადასხვა დეკორატიული მცენარე მაქვს და დეკორატიული ჯიშის ფრინველები მყავს.
– ბევრი ნამუშევარი გაიყიდა… ბევრსაც ვერ შეელიეთ…
– სწორად აღნიშნეთ, ბევრი ნახატი იყიდება… თავიდან მიჭირდა შელევა, მაგრამ ის მახარებს, რომ ბევრი მწერს, ნახატს რომ მიიღებს, მოსწონთ. ეს სტიმულსაც მაძლევს და მეც ბედნიერი ვარ სხვა ადამიანების სიხარულით.
– მუსიკა და ხატვა… ორივე ავსებს ალბათ სულს…
– უმუსიკოდ არ გადის ერთი დღეც და, რა თქმა უნდა, მუსიკა ხატვის პროცესშიც სულ ჩართული მაქვს. ხან რამე სიმღერა თუ მომეწონა, მეც ვაწყობ ხოლმე გიტარაზე…
– სამომავლოდ…
– ახლო მომავალში ვგეგმავ გამოფენას. მინდა ჩემს ნამუშევრებს ახლოდანაც გაეცნონ. უკვე ყველა მეკითხება, გამოფენას რატომ არ აკეთებო.
თამარ შაიშმელაშვილი