იაპონიის სირცხვილი – „სიმშვიდის სადგურები“, სადაც ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ

იაპონელი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ საროსკიპოებში, სხვადასხვა მონაცემებით, 200-დან 400 ათასამდე ქალი იმყოფებოდა ჩინეთიდან, კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ ერჩივნათ, არ გაეხსენებინათ, თუ რა გადახდათ თავს, ამიტომ ამ ტრაგედიის შესახებ მხოლოდ 80-იან წლებში ალაპარაკდნენ, როცა დაზარალებული ქალების დიდი ნაწილი უკვე ცოცხალი აღარ იყო.

„სიმშვიდის სადგურების“, სხვაგვარად კი, საველე საროსკიპოების გახსნა 30-იან წლებში დაიწყო. 1932 წელს გენერალ-ლეიტენანტი იასუძი ოკამურამ ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, ჯარისთვის საროსკიპოები გაეხსნათ. მისი თქმით, ჯარისკაცები აუპატიურებენ ქალებს და მათგან ვენერიული დაავადებებით ინფიცირდებოდნენ. 

იასუძი ოკამურა

პირველი „სადგური“ შანხაიში გახსნეს. თავიდან იქ იაპონელი ქალები საკუთარი ნებით მუშაობდნენ, მაგრამ მსგავსი დაწესებულებების პოპულარობის მატებასთან ერთად, იქ პატიმარი ფილიპინელი და ინდონეზიელი ქალების ჩაყვანაც დაიწყეს. განცხადების თანახმად, მათ სთავაზობდნენ „სამუშაოს ქალებისთვის“. ამ მოწვევას ბევრი კორეელი და ჩინელი ქალი გამოეხმაურა.


იაპონია-ჩინეთის ომის დროს, 1937 წელს, ჩინეთის ქალაქ ნანკინის აღების შემდეგ ქალაქში მასობრივი მკვლელობები და გაუპატიურებები დაიწყო. მიუხედავად ბრძანებისა, რომელიც გაუპატიურებას კრძალავდა, სამხედრო ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავდა ჩადენილ დანაშაულებზე, როგორც რიგითი ჯარისკაცების შორის, ისე ოფიცრების შემთხვევაში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალების გაუპატიურება, ფაქტობრივად, ნორმალურ ქმედებად განიხილებოდა. სწორედ ამ ვითარების გაკონტროლების მიზნით დაიწყეს საროსკიპოების გახსნა, რომლებსაც „სიმშვიდის სადგურები“ ეწოდებოდა. ნანკინში ასეთი 40 „სადგური“ გამოჩნდა. ქალების უმრავლესობა 18 წლამდე ასაკამდე იყო. ომის დასრულებამდე მხოლოდ მეოთხედმა მიაღწია, ვინაიდან მათი ცხოვრების პირობები სასტიკი გახლდათ. ისინი დღეში 20-30 ჯარისკაცს ემსახურებოდნენ.

„მნიშვნელობა არ ჰქონდა, დღე იყო თუ ღამე – ერთი ჯარისკაცი როგორც კი გადიოდა, მაშინვე მეორე შემოდიოდა. ჩვენ ვცდილობდით, ერთმანეთი თვითმკვლელობისგან გადაგვერჩინა, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც იყო. ზოგი ჯარისკაცს ოპიუმს ჰპარავდა და დიდი დოზით იღებდა, რის გამოც, ზედოზირებით კვდებოდა; ზოგი მთელ ფლაკონ უცნობ წამალს სვამდა იმ იმედით, რომ სიცოცხლე დასრულდებოდა; ზოგიც საკუთარი ტანსაცმლით იხრჩობდა თავს საპირფარეშოში“, – იხსენებდა „სიმშვიდის სადგურის“ ყოფილი მუშაკი პაკ კუმ ჯუ.

როგორც აღვნიშნეთ, თავიდან ამ სამსახურში იაპონელი ქალები მუშაობდნენ, მაგრამ როცა „სადგურების“ რაოდენობა გაიზარდა, სექსმუშაკები 17 სხვადასხვა ქვეყნიდან მოგროვდნენ.

ვინაიდან კორეა იაპონიის კოლონია გახლდათ, ხოლო მისი მოსახლეობა იძულებული იყო, იაპონური ენა ესწავლა, პრიორიტეტს კორეელ ქალებს ანიჭებდნენ. ამიტომაც, კორეელი ქალების უმრავლესობა ძალით ჩაიყვანეს ასეთი დაწესებულებებში.

ქალები კვირაში ერთხელ გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას ვენერიულ დაავადებებზე. იყო შემთხვევები, როდესაც სამხედრო ექიმები ჯანმრთელ ქალებს აუპატიურებდნენ. დაინფიცირების შემთხვევაში, მათ სიფილისის წამალს, „პრეპარატს 606-ს“ უკეთებდნენ.

ეს პრეპარატი შეჰყავდათ ორსული ქალების ორგანიზმშიც, რათა ორსულობა შეეწყვიტათ. მას ძალიან მძიმე უკუჩვენება ჰქონდა: თუ ბავშვი გაჩნდებოდა, ის ჯანმრთელი ვერ იქნებოდა, სხვა შემთხვევაში კი, ქალისთვის, საერთოდ, უშვილობას იწვევდა.

„სიმშვიდის სადგურების“ რაოდენობა იზრდებოდა და იაპონიის მთელ ფართობს ფარავდა. 1942 წლის 3 სექტემბერს გამართულ ჯარის სამინისტროს ხელმძღვანელობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ ჩინეთში ასეთი 100 „სადგური“ მდებარეობდა; ცენტრალურ ჩინეთში – 140; სამხრეთ ჩინეთში – 40; აღმოსავლეთ აზიაში – 100; სამხრეთ ზღვებში – 10; სახალინზე – 10.

კიდევ ერთი უბედურება ის იყო, რომ ასეთი დაწესებულებების გაჩენასთან ერთად, ადგილობრივი ქალების გაუპატიურების შემთხვევები არ გამქრალა, ვინაიდან ჯარისკაცებს არ სურდათ, ყველა „ვიზიტისთვის“ფული გადაეხადათ.

ომი 1945 წლის 15 აგვისტოს დასრულდა და იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

წლების შემდეგ, ქალები, რომლებიც „სიმშვიდის სადგურებში“ მუშაობდნენ, რეგულარულად მონაწილეობდნენ ყოველკვირეულ საპროტესტო აქციაში სეულში, იაპონიის საელჩოს წინ, რათა შეეხსენებინათ საზოგადოებისთვის იაპონელი სამხედროების მხრიდან კორეელი ქალების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ. მათ, ასევე, სურდათ, იაპონიის მთავრობას ბოდიში ოფიციალურად მოეხადა .

ძველი საროსკიპოების დასაცავად, 2010-იან წლებში ოსაკას მერი ტორუ ჰაშიმოტო  გამოვიდა. მან განაცხადა, რომ „სიმშვიდის სადგურები“ წესრიგის შესანარჩუნებლად იყო აუცილებელი და სამხედროებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდნენ, გარკვეული შესვენება სჭირდებოდათ. თუმცა, ჰაშიმოტომაც აღიარა, რომ ქალები იქ საკუთარი სურვილით არ მუშაობდნენ.

მსგავსი განცხადებები მკვეთრად დაგმო ადმინისტრაციული რეფორმის მინისტრმა, ტომომი ინადამ და განაცხადა, რომ „სიმშვიდის სადგურები“ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევა იყო.

2015 წლის 28 დეკემბერს იაპონიის მთავრობამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომის დროს ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაზე და გამოაცხადა მზადყოფნა, დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები