კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგის – დოდო ცინცაძის გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს „ნიჭიერთა ათწლედის“ ღვაწლმოსილი პედაგოგის, დოდო ცინცაძის, გარდაცვალების გამო.
დოდო ცინცაძე იყო საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენის მფლობელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“, ამაგდარი მასწავლებელი.
„აღსანიშნავია, რომ იგი თავადაც „ნიჭიერთა ათწლედის“ აღზრდილი იყო და დიდხანს თავდაუზოგავად ემსახურა ამ სკოლას. მან არაერთი ნიჭიერი პიანისტი აღზარდა. უაღრესად მნიშვნელოვანია ქალბატონი დოდოს დამსახურება ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში. მისმა მოსწავლეებმა მსოფლიოს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე მოპოვებული გამარჯვებებით ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული საფორტეპიანო სკოლის მდიდარი ტრადიციები და ჩვენი ქვეყნის სახელი.
დოდო ცინცაძის პედაგოგიური მოღვაწეობა ახალგაზრდა თაობის უანგარო მსახურებისა და პროფესიისადმი ერთგულების მაგალითია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დოდო ცინცაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებს, მოსწავლეებსა და მუსიკალურ საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები