პირველად მსოფლიო ისტორიაში NASA-მ ქართველი მხატვრის ნახატის ციფრული ასლი მთვარეზე გაგზავნა.
საუბარია ბრუნო ვეფხვაძის ნახატის – „რომაული გაზაფხულის“ ციფრულ ასლზე.
როგორც ცნობილია თავად ნახატი Sotheby’s აუქციონზე 30 000 დოლარად გაიყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნახატი ამერიკული რეალისტური მხატვრობის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა.
„სურათი სახელად „რომაული გაზაფხული“, საერთოდ არ არის კავშირში იტალიასთან. საყვავილეში მოთავსებულია თბილისის გარეუბანში შეგროვებული ყვავილები“, – აცხადებს ბრუნო ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა თბილისში 1986 წელს, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. ის ვეფხვაძეების ხელოვანთა ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია და ბავშვობიდანვე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობის მიმართ.
2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროფესიით ფერწერის რესტავრატორია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.