მარინა მნიშეკი – რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავანტიურისტი ქალის ამბავი

ზოგჯერ ადამიანებს თავისებური ბედი დაჰყვებათ დაბადებისას და მერე მთელი მათი ცხოვრება ერთი შეხედვით უცნაურობების კასკადი, მეორე მხრივ კი, გაწერილი კანონზომიერებაა.

ალბათ, კანონზომიერი იყო მარინა მნიშეკმა, პოლონელი თავადის მეხუთე ქალიშვილმა (ათი დედმამიშვილი იყვნენ), უფროსი დის ჯვრისწერაზე, როცა ეს უკანასკნელი რიგით თავადს გაჰყვა ცოლად, დაიფიცა, რომ მეფეზე ნაკლებ ქმარს არ აირჩევდა.

ალბათ, ამიტომ თუ იყო, რომ რამდენიმე დიდგვაროვანი საქმრო მანამდე დაიწუნა მარინამ და არჩევანი რუსეთიდან ჩამოსულ “უფლისწულზე” შეაჩერა.

“უფლისწული” რომ უფლისწული არ იყო, ეს ყველამ გაიგო, მაგრამ ყველაზე სწრაფად კი მარინამ, მაგრამ თქვა და აასრულა და ებრაელი (ზოგი ვერსიით იტალიელი) დიმიტრის ცოლობა გადაწყვიტა.

პუშკინის “ბორის გოდუნოვს” თუ დავუჯერებთ, დიმიტრიმ მარინას დანახვისთანავე ღაწვები დაიხოკა და სასახლის ფონტანთან ქალის ცხვირსახოცჩახუტებულმა, “ნება მომეცი გულის ხვაშიადი ამოვთქვა და სიყვარული დაგიმტკიცოო”, იქვითინა. მარინამ ცივი გონებით შეაფასა სიტუაცია და ახალგამოჩეკილ საქმროს, თავს რომ რუსეთის მეფედ ასაღებდა, თანხმობა მისცა. ასე დაიწყო რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავანტიურისტი ქალის ამბავი.

მარინა მნიშეკი ცივსისხლიანი, მიზანდასახული, საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული, საკმაოდ შეუხედავი და ჭკვიანი ქალი ყოფილა, ვისზეც გათხოვებამდეც არაერთი დიდგვაროვანი კარგავდა ჭკუას. ასეთი ბედი დაჰყოლია, ან, იქნებ, თავად ქმნიდა ბედს – კაცი, ვინც ერთხელ შეხვდებოდა, მასზე უგონოდ შეყვარებული სხვა შეყვარებულს კლავდა ან თავად ხდებოდა დუელის მსხვერპლი. მაგრამ ქალი ყველას ცივად იშორებდა თავიდან და ამბობდა, რომ ის მხოლოდ დედოფლობას დაჯერდებოდა და არანაირი სხვა ტიტული მის ამბიციას ოდნავადაც არ მოუქონიდა თავს.

მნიშეკი პუშკინმა გაიძვერა და ცოტა ტლუ ქალად გამოიყვანა, რადგან ბორის გოდუნოვი უფრო უნდა წამოეწია წინ, მაგრამ როგორც ჩანს, მარინას ძალიან გამჭრიახი გონება ჰქონდა, რადგან როდესაც 9-დღიანი მეფობის შემდეგ მისი ქმარი “ცრუდიმიტრი” მოკლეს, ახალგამოჩეკილ “ცრუდიმიტრი მეორეს” (მოკლულ პირველად რომ ასაღებდა თავს) უცებ გაჰყვა ცოლად და კიდევ ერთხელ ავიდა სამეფო ტახტზე.

“ცრუდიმიტრი” პოლონეთის მეფის, სიგიზმუნდ მესამის მიწვევით იყო ქვეყანაში. სამეფო კარი ახალგაზრდა კაცის დახმარებით რუსეთის ტახტის ხელში ჩაგდებას გეგმავდა. ვერსია, რომ დიმიტრი ებრაული წარმოშობისა იყო, აქ მყარდება, რადგან ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ბორის გოდუნოვის ძალაუფლების დასამხობად ბლომად ფული გამოაგზავნეს, ფულის ასე სწრაფად აკრეფა კი, იმ საუკუნეებში მხოლოდ ერთ ერს გამოსდიოდა ასე კარგად.

არც იმჟამინდელი მმართველი ბორის გოდუნოვი იყო სამეფო გვარისა, ხალხს კი მკაცრი გოდუნოვი არ უყვარდა, ამიტომაც დაიგეგმა სამეფო მმართველობის ხელში ჩაგდება თვითმარქვია უფლისწულის ხელით.

დიმიტრიმ საქორწინო ხელშეკრულებაში ჩაწერა, რომ იჟე მნიშეკი, მამა მილიონ ოქროს მიიღებდა ქორწილის შემდეგ (სამხედრო ოპერაციისთვის მობილიზებული თანხიდან), მარინას კი პირად საკუთრებაში ერგებოდა ნოვგოროდი და ფსკოვი.

მაგრამ ეს ხურდა ფული მარინას არაფერში სჭირდებოდა, მისი მიზანი დედოფლობა იყო და ქორწილიდან რამდენიმე თვეში, 15 000 პოლონელი ჯარისკაცისა და დაქირავებული რაზმების დახმარებით, თითქმის უბრძლოველად “ცრუდიმიტრიმ” სამეფო ტახტის უზურპაცია მოახერხა.

კორონაცია პოლონეთში ჩატარდა. მარინამ მკაცრად მოსთხოვა ქმარს მეფედ ისიც ეკურთხებინათ. დიმიტრი დათანხმდა და სწორედ ეს გახდა აჯანყების საბაბი – რუსმა გლეხობამ ქალის სამეფო ტახტზე ასვლა მკრეხელობად ჩათვალა. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ მარინა მეფედ კურთხევის რიტუალზე რუსულ სამოსში კი არ მივიდა, ევროპულ ყაიდაზე გამოეწყო, მკერდი მოიშიშვლა და სამეფო კარისადმი ლოიალური თავადებიც გადაიმტერა.

გამეფებიდან 9 დღის შემდეგ “ცრუდიმიტრი” ჩამოაგდეს. ტახტი დაკარგა მარინამაც, მაგრამ ქმრის სიკვდილი დასასრული არ იყო, მალე ავანსცენაზე გამოჩნდა “ცრუდიმიტრი მეორე”, მარინამ მასთან აუდიენცია მოახერხა და… დიმიტრი მეორემაც თავი დაკარგა, ქალს ხელი სთხოვა და ცოლად მოიყვანა.

ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ, ეყოლათ შვილიც, მაგრამ მალე “ცრუდიმიტრი მეორეც” მოკლეს. მარინა კი ბედს ვერაფრით ეგუებოდა, მესამე მცდელობაც ჰქონდა და ამჯერად ფსონი კაზაკ ბელადზე ივან ზარუდსკიზე შეაჩერა. როგორც ჩანს, ივანე ნამდვილად შეუყვარდა, რადგან ამბობენ, რომ ცივსისხლიანი მარინა მნიშეკი ჭკუას კარგავდა მესამე ქმარზე, ვინც ფიცი დადო, რომ სამეფოს დაუბრუნებდა პოლონელ ავანტიურისტ ქალსო.

ზარუდსკი ბრძოლაში მოკლეს, მარინას ამბავი კი აქ დასრულდა. ისტორიკოსებს სამი ვერსია აქვთ, რომ თავი მოკვეთეს, ძველრუსული წესით მდინარეში დაახრჩვეს ან მონასტერში აღკვეცეს მონაზვნად და სიცოცხლის ბოლომდე კელიაში ჯდომა ჰქონდა მისჯილიო.

მნიშეკის ორი შვილიდან უფროსი ახალმა მმართველმა გააგუდინა, უმცროსი კი, პოლონელმა თავადმა იშვილა.

მნიშეკმა, ერთი მხრივ, აისრულა ოცნება, მაგრამ მაინც, წუნიანი ასრულებული ოცნებებიც არსებობს ალბათ.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები