„ძალზე დიდი ხარ საიმისოდ, რომ სიკვდილი მოგისაჯო“ – ფრანსისკო გოია, უკანასკნელი კლასიკოსი
გოიას, ამ უკანასკნელი კლასიკოსის და მოდერნიზმის ფუძემდებლის ამბავი ისე იწყება, როგორც გენიოსს ეკადრება – მამის, ოქროთი მომვარაყებლის ანდერძით: არაფერს გიტოვებ, რადგან დასატოვებელიც არაფერი მაქვს.
გოია სიღარიბეში გაზრდილი კაცი იყო და მის ცხოვრებას ეს ფაქტი წითელ ხაზად გასდევდა. სიცოცხლის ბოლომდე უშვებდა შეცდომებს წერისას და იმის მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარის წრეში გაერია, მაინც პლებეის ეძახდნენ ზურგს უკან.
გოია არასაკმარისად ნიჭიერად ჩათვალა სამეფო სამხატვრო აკადემიამ და მიღებაზე უარი უთხრა, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ საპატიო წევრად მიიღო. ამაში კი გოიას მხოლოდ ნიჭი კი არა ჰერცოგინია ალბაც დაეხმარა, ვინც ფრანსისკო ხოსე დე გოია-ი-ლუსიენტესის საყვარელი იყო.
„შიშველ მახაზე”, გოიას ყველაზე ცნობილი ნახატზეც, ითვლება, რომ სწორედ ალბაა დახატული და სწორედ ამ „ახალი ვენერობით“ დარჩა ისტორიას ეს საინტერესო ქალი, მხატვრის ცხოვრება რომ რადიკალურად შეცვალა. (მეორე ვერსიით, ნახატზე პეპიტა ტუდოა, დამკვეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, მანუელ გოდოის საყვარელი, რომლითაც გოია იმდენად მოიხიბლა, რომ ხან სამზარეულოს მაგიდაზე „ხატა და ხატა“ და ხანაც თავის სახელოსნოში, მეტიც, გოდოის საძინებელშივე დაახატა პეპიტაო, ამბობდნენ ბოროტი ენები).
გოია, როგორც ნამდვილი არაგონელი, ბუნებით მეამბოხე და კორიდის ხარივით მშფოთვარე ნატურა იყო. მართალია, სიცოცხლის ნახევარზე მეტი ის ფუფუნებაში ცხოვრობდა და იყო ჯერ ესპანეთის სამეფო კარის, შემდეგ ნაპოლეონის და მერე ისევ მშობლიური ქვეყნის დიდგვაროვნების კარის მხატვარი და შეეძლო ეცხოვრა კიდეც „თავისთვის“, „წყნარად“, სამჯერ გადაურჩა სიკვდილს – ერთხელ გოდოის ხელიდან, მეორედ ნაპოლეონის ჯარისკაცებისგან, როდესაც ფრანგების ინტერვენციის ამსახველი ამბების გამოფენა მოაწყო გაგანია ოკუპაციის დროს და მესამედ მეფე ფერდინანდ მეშვიდესგან. ამ უკანასკნელმა საჯაროდ უთხრა მხატვარს, ვინც მეფე, როგორც ტირანი, ისე დახატა: ამ დარბაზშივე ხარ მოსაკლავი, მაგრამ ძალზე დიდი ხარ საიმისოდ, რომ სიკვდილი მოგისაჯო. არ მინდა ისტორიას შენ მკვლელად შემოვრჩე, გადაგასახლებ!
გურამ მეგრელიშვილი