„კრისტალნახტი“, ანუ „დამსხვრეული ვიტრინების ღამე“ – როგორ იწყებოდა ჰოლოკოსტი

1938 წლის 9-10 ნოემბერი ჰოლოკოსტის დასაწყისადაა მიჩნეული. სწორედ ამ თარიღს უკავშირდება „ბროლის ღამე“ (იგივე „კრისტალნახტი“), ანუ „დამსხვრეული ვიტრინების ღამე“. ეს გახლავთ ნაცისტურ გერმანიაში SA-ს დანაყოფების და გერმანელი მოქალაქეების მიერ ებრაელების მაღაზიების და სხვა საკუთრების მიზანმიმართული „პოგრომი“, რომელსაც პოლიციამ ხელი არ შეუშალა. მათ დააზიანეს და დაანგრიეს, დაახლოებით, 7,500 ებრაული მაღაზია და ბიზნესნაგებობა (ასევე, დაიტაცეს საქონელი); ქუჩები სავსე იყო სინაგოგების, მაღაზიების და სხვა შენობების შუშებით, რის გამოც მოვლენებს „ბროლის ღამე“ ეწოდა. ებრაული სახლები გაძარცვეს მთელ გერმანიაში. დაფიქსირდა ებრაელთა ცემის და შეურაცხყოფის შემთხვევები. ძალადობის შემდეგ, პოლიციის დეპარტამენტებმა დააფიქსირეს სუიციდებისა და გაუპატიურების დიდი რაოდენობა.

მათ გაანადგურეს 267 სინაგოგა მთელ გერმანიაში, ავსტრიასა და სუდეტის ოლქში. დაზიანდა 1400-ზე მეტი სინაგოგა და სალოცავი ოთახი, განადგურდა მრავალი ებრაული სასაფლაო, 30,000-ზე მეტი ებრაელი დააპატიმრეს და გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკებში.

შეტევების ქვეტექსტი გახლდათ გერმანელი დიპლომატის, ერნსტ ფომ რატის მკვლელობა ჰერშელ გრუნსპანის მიერ. მკვლელი იყო 17 წლის გერმანიაში დაბადებული პოლონელი ებრაელი ბიჭი, რომელიც პარიზში ცხოვრობდა.

მკვლელობას მოჰყვა ებრაელების კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა: მიწასთან გაასწორეს ებრაელთა სახლები, საავადმყოფოები და სკოლები. ბრიტანელი ისტორიკოსი მარტინ გილბერტი წერდა, რომ 1933-1945 წლებში გერმანელი ებრაელების ისტორიაში არც ერთი მოვლენა არ შუქდებოდა ისე, როგორც ეს სინამდვილეში ხდებოდა. საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაციას გერმანიაში მოღვაწე უცხოელი ჟურნალისტები აწვდიდნენ. ბროლის ღამის შემდეგ ლონდონის The Times-მა 1938 წლის 11 ნოემბრის ნომერში აღნიშნა:

„არცერთ უცხოელ პროპაგანდისტს არ უცდია, დაეგმო გერმანია იქამდე, ვიდრე მთელი მსოფლიო არ შეიტყობდა გადაწვის, ცემის, დაუცველ და უდანაშაულო ხალხებზე თავდასხმების შესახებ, რამაც ასე შელახა ეს ქვეყანა გუშინ.“

შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვები განსხვავდებოდა. ადრეული ცნობების თანახმად, 91 ებრაელი მოკლეს. გერმანული სამეცნიერო წყაროების თანამედროვე ანალიზის მაჩვენებლით, ეს რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია. როდესაც საქმე ეხება დაპატიმრებებსა და შემდგომ პატიმრობაში თვითმკვლელობებს, დაღუპულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს. რიჩარდ ჯ. ევანსმა 638 თვითმკვლელობით გარდაცვალება დაადგინა. ისტორიკოსები „ბროლის ღამეს“ მიიჩნევენ, როგორც საბოლოო გადაწყვეტილების პრელუდიას, რათა თავისუფლად ჩაედინათ ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელის მკვლელობა. სწორედ ამის გამო, ისტორიკოსები „დამსხვრეული ვიტრინების ღამეს“ ნაცისტური გერმანიის რასობრივი პოლიტიკის ნაწილად და ჰოლოკოსტის დასაწყისად მოიაზრებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები