სამტრედიას იაპონიის დელეგაცია სტუმრობს
“სამტრედიას იაპონიიდან დელეგაცია სტუმრობს. ქალაქ მიტოიოს წარმომადგენლობა ჩვენს ქალაქში ახორციელებს მესამე ვიზიტს, რომლის მიზანია სამტრედიისა და მიტოიოს დამეგობრება”, – ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მეგობრობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვაა გათვალისწინებული.
დღეს მიტოიოს დელეგაცია მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კულტურის, ისტორიის და მაღალტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიცაა იაპონია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენი სტუმრები გამოხატავენ უდიდეს ინტერესს სამტრედიის მიმართ, ყურადღებას ამახვილებენ ჩვენს ქალაქში არსებული გოგირდოვანი წყლების პოტენციალზე და ევროპა-აზიის გზაგასაყარზე საკურას კულტურის დამკვიდრებაზე”,- განაცხადა დავით ბახტაძემ.
იაპონელი სტუმრები სამტრედიაში რამდენიმე დღე დარჩებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ერთ-ერთი აქტივობა იაპონური ხის ჯიშის, საკურას გაშენებაა, რომლებიც იაპონელმა სტუმრებმა სამტრედიას გადასცეს საჩუქრად.
იაპონელ სტუმრებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, ქართული კულტურის გამომხატველი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.