თბილისში დაიბადა. მესამე კლასშია, 9 წლის. სამი წლიდან ხატავს,,,
დედის დახასიათებით, სწავლობს კარგად. კომუნიკაბელურია, მეგობრული, მხიარული… მრავალი დადებითი თვისებით გამორჩეული.
მონაწილეობს გამოფენებში… ამბობს, რომ ძალიან უყვარს ხატვა. – ქეთი შერმაზანაშვილის პერსონა.– მშობლები, გარემო… როგორ დაიწყეთ ხატვა?
– დედა თაკო, მამა ბექა, პირველად დავხატე 3 წლისამ მინიონი.
– პირველი ნახატები…
– თევზები, ბროწეულები, მზესუმზირები…
– მესამე კლასში ხართ… ხატვას აქტიურად აგრძელებთ….
– ხატვას აქტიურად ვაგრძელებ, რადგან ხატვის გარეშე არ შემიძლია. ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს „მუმკის კივილი“.
– მხატვარ ირინა ჩიტაშვილის მოსწავლე ხართ…
– ირინა მასწავლებელი ყველა დეტალს ისე მიხსნის, წარმოუდგენელია, ვერ გავიგო და არ ვისწავლო.
– გამოფენებზე გამოდიხართ…
– ძალიან მიყვარს გამოფენებში მონაწილეობა.
– ავტოპორტრეტი…
– პირველი ავტოპორტრეტი გამოფენისთვის დავხატე. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ კარგი გამოვიდა.
– თქვენი სამყარო… შთაგონება?
– უმეტესად, პორტრეტებს ვხატავ. როდესაც ვხედავ ცარიელ ფურცელს, უკვე ვიცი, რაც უნდა დავხატო. მუზა ეგრევე მოდის.
– საინტერესო ამბავი…
– ფიროსმანის „მეთევზე“ – ორჯერ დავხატე და ორივეჯერ გავყიდე (იცინის).
– ჰობი…
– მუსიკის მოსმენა და ცეკვა.
– სწავლა და ხატვა – როგორ თავსდება ერთად? როგორ ასწრებთ თან გაკვეთილებს, თან ხატვას?
– სკოლაში ძალიან ცუდი გრაფიკი მაქვს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ხატვაზე აქტიურად ვიარო და არ გავაცდინო არცერთი გაკვეთილი.
– ამჟამად რას ხატავთ?
– ვხატავ ორ ჭორიკანა გოგონას, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვა.
– საყვარელი მხატვრები…
– ლეონარდო და ვინჩი, ფრიდა კალო, ნიკო ფიროსმანი.
– რა შეცვალა ხატვამ?
– უფრო გახსნილი, თავისუფალი და მხიარული ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ხასიათი და განწყობა ფურცელზე გადმოვიტანო.
– ხატვას გააგრძელებთ?
– აუცილებლად. ხატვის გარეშე არცერთი წამი არ შემიძლია.
თამარ შაიშმელაშვილი