ფლეშმობი თუ ინფორმაციის შეგროვება – რატომ აზიარებენ 21 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს?
სოციალურ ქსელებში ფეხი მოიკიდა ახალმა ფლეშმობმა, სახელად – „Let’s See You at 21“ – რომლის ფარგლებშიც, მილიონობით ინტერნეტმომხმარებელმა 21 წლის ასაკში გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა.
Instagram-stories მთელი მსოფლიოს მასშტაბით სავსეა ნოსტალგიური სურათებით, რასაც ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ.
რა ვიცით ამ ტრენდის შესახებ, ვისი მოგონილია და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ის.
ამ გამოწვევამ ბევრი ადამიანი დააინტერესა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან ეს ნოსტალგიურად განაწყობს ადამიანს. ამ ტრენდმა ხალხს ურთიერთობის საშუალება, წარსულის გახსენების და ასევე მნიშვნელოვანი მომენტების გაზიარების საშუალება მისცა.
ვინ შექმნა ტრენდი Let’s See You at 21
The New York Times -ის ცნობით პირველი „პოსტი“ გამოაქვეყნა დამიან რაფმა, კომპანია Whole Foods-ის თანამშრომელმა, რომელიც 43 წლისაა და შტატ არიზონაში ცხოვრობს.
რაფმა ეს ფლეშმობი 23 იანვარს დაიწყო ფოტოთი, რომელიც 21 წლის ასაკში საოჯახო დასვენების დროს გადაიღო, როდესაც თავის 21-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. რაფის თქმის, ეს ფოტო მას დედამ გაუგზავნა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ერთად დალიეს ლუდი.
„ჩემი ჭაღარის გარდა, თითქმის არც არაფერი შეცვლილა. ვუყურებ ამ ადამიანს და ვამბობ: შენ ჯერ ისეთი ბავშვი ხარ, ვერც კი წარმოიდგენ“, – ამბობს დამიან რაფი.
ფლეშმობს შეუერთდნენ ვარსკვლავებიც, მაგალითად, ინდოელი მოდელი და მსახიობი პრიანკა ჩოპრა.
რით შეიძლება იყოს სახიფათო ეს ფლეშმობი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანნა მალიარი თვლის, რომ ეს ჩვეულებრივი ფლეშმობი არ არის, არამედ პირადი ინფორმაციის შეგროვებაა სოციალურ ქსელის მომხმარებლების შესახებ.
„ფლეშმობი 21, ისევე როგორ ყველა სხვა, ცხადია – პირადი ინფორმაციის შეგროვებას ემსახურება, თუმცა არა იმისთვის, რომ სპეცსამსახურებმა კონკრეტულ ადამიანს უთვალთვალონ. ხშირ შემთხვევაში, ეს სხვადასხვა პროგრამის შემქმნელებსა და დისტანციური ზემოქმედების ტექნოლოგიების შემქმნელებს მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესების და პოლიტიკაში გამოყენების მიზნით სჭირდებათ“, – წერს მალიარი სოციალურ ქსელში.
სირაკიუსის უნივერსიტეტის კომუნიკაციების პროფესორი მაკანა ჩოკი, რომელიც სოციალურ მედიას შეისწავლის, ამ ტრენდის ფენომენს ხსნის იმით, რომ ხალხს საკუთარი წარსულიდან, ძირითადად, დადებითი მოგონებები ახსოვს.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ 21 წელს აშშ-ში საკულტო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ზუსტად ამ ასაკიდან ხდება ნებადართული ალკოჰოლის მოხმარება.
„ჩვენ მიდრეკილები ვართ, სიყვარულით გავიხსენოთ ეს ასაკი, როგორც თავისუფლების განმსაზღვრელი პერიოდი. მაშინ შეიძლებოდა დალევა, მეგობრებთან ყოფნა…“, – განმარტავს მაკანა ჩოკი..