“ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ” – ირაკლი ჭიჭინაძე პრემიერის ანგარიშს აფასებს
პრემიერის ანგარიშში სრულყოფილად იყო შეფასებული ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით. საფრთხეები, გამოწვევები და რისკები, რაც ქვეყანას გააჩნია, საკმაოდ კარგად არის დანახული და ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც თავდაცვის უწყების შიგნით, ასევე ჩვენს კოლეგებთან, უსაფრთხოების საბჭოსთან და, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატში, – ამის შესახებ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს.
როგორც გენერალი აცხადებს, ყველა პროექტი, რაც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება, მიმართულია თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და განვითარებისკენ.
“შესაბამისად, ის პროექტები, რომელთაც უკვე ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმ გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც დღეს გააჩნია საქართველოს. ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და დაგეგმილია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური, უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობის, თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და განვითარებისთვის, არის დიდი წინვგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის”,- აღნიშნა მან.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე თავდაცვისუნარიანობის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ საუბრობს. ჭიჭინაძე ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა პროექტი მოიცავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობისკენ პროგრესს.
“2020 წლის ბოლოს მივიღეთ თავდაცვისუნარიანობის განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა მოიცავს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ასევე – ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. ნებისმიერი პროექტი და რეფორმა, რაც გვაქვს გაწერილი ამ გეგმის ფარგლებში, არის ზუსტად ამ მიმართულებით შემუშავებული. რაც შეეხება კონკრეტულ პრიორიტეტებს. პირველ ყოვლისა, ეს არის საჰაერო თავდაცვის და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე, ეს არის სადაზვერვო, საინჟინრო და საარტილერიო საცეცხლე შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიმართულებებით უკვე საკმაოდ დიდი ნაბიჯები იქნა გადადგმული. მაგალითად თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. როგორც პრემიერმაც აღნიშნა, დაიდო უკვე გარკვეული კონტრაქტები და ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას. ამასთან, ჩვენ გავარემონტეთ არსებული თავდაცვის სისტემები და გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე რადარებს და კინეტიკურ საშუალებებს, როგორც აღვნიშნე, გარკვეულ სისტემებზე უკვე დადებულია ხელშეკრულებები და უახლოეს მომავალში ველოდებით რომ მივიღოთ. ეს საკმაოდ გააძლიერებს ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობებს. შესაბამისად ეს მიმართულება, რაზეც იყო საუბარი პრემიერმინისტრის, ასევე, თავდაცვის მინისტრის მხრიდან, ვითარდება.
ამას გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ დამატებით 4 პრიორიტეტი, მაგალითად ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. თავდაცვის ძალებმა უკვე მიიღო დასავლური წარმოებისა და სტანდარტების მქონე, ეფექტური და თანამედროვე საშუალებები. ასევე, ველოდებით დამატებით საშუალებებს, რომელზეც კონტრაქტები გაფორმებულია და უახლოეს წლებში მივიღებთ.
სადაზვერვო საშუალებების კუთხით ასევე გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები. აქაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვაჩვენეთ ვაზიანის პოლიგონზე კომბინირებული სწავლება და ახალი სისტემების ტესტირება როგორც უპილოტო სადაზვერვო საშუალებების, ასევე, მოიერიშე სისტემების და სახმელეთო მოძრაობის რადარების და ხდება მათი თავდაცვის ძალებისთვის გადაცემა. ასევე, ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივიღოთ მეტი სენსორი და რადარი, რაც ადრეული გაფრთხილების საშუალებას მოგვცემს და რომ როგორც ჰაერში, ასევე საზღვაო მიმართულებით დავაფიქსიროთ მოწინააღმდეგის მოძრაობა და შემდეგ მოხდეს ჩვენი მხრიდან შესაბამისი ღონისძიების გატარება.
რაც შეეხება საინჟინრო მიმართულებას, მინდა, აღვნიშნო ევროპის მშვიდობის ფონდისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გერმანიის დიდი მხარდაჭერა, რომელთაც ფინანსური რესურსი გაიღეს, რის შედეგადაც თავდაცვის ძალებმა თანამედროვე საშუალებები მიიღო სამხედრო საინჟინრო მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერსონალის მომზადება და ამ აღჭურვილობით მათი გადაიარაღება.
ასევე, მნიშვნელოვანია კიბერმიმართულება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ შევქმნათ კიბერსარდლობა, რომელიც იქნება მთავარი დანაყოფი და პასუხისმგებელი ორგანო ფუნქციით რომ იმუშაოს კიბერ და საინფორმაციო განზომილების მიმართულებით, მოგეხსენებათ რომ ეს განზომილება თანამედროვე ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური განზომილებაა. შესაბამისად, აქაც უნდა გაგვაჩნდეს გარკვეული საშუალებები და შესაძლებლობები, რომ ვიყოთ მაღალი ეფექტურობის ძალები”, – აცხადებს ჭიჭინაძე.
“კვირასთან” საუბარში გენერალი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“წელს დაახლოებით 27 სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა, მათგან 13 საქართველოში ჩავატარეთ. ყველაზე მასშტაბური იყო “მტკიცე სული 2023″, რომელშიც 3500 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას 21 ქვეყნიდან, საკმაოდ საინტერესო სწავლება იყო და ბუნებრივია მსგავსი სწავლებები ურთიერთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას, სამხედროებს შორის მეგობრობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. ზოგადად საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს პარტნიორებისგან სხვადასხვა მიმართულებით და გვეხმარებიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში”, – აღნიშნა მან.
ჭიჭინაძე ასევე შეეხო პრემიერის ინიციატივით შექმნილ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს – “ჯარის ქალაქი“, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინის შეღავათიანი ფასით შეძენას უზრუნველყოფს. როგორც რესპონდენტი განმარტავს, პროექტის პირველ ეტაპზე, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 1090-მა სამხედრო მოსამსახურემ.
“ჯარის ქალაქი,, არის ჩვენი სოციალური მხარდაჭერის პროექტის ერთ-ერთი ნაწილი. წელს პირველად განხორციელდა ეს პროექტი და დასრულდა პირველი ნაწილი, რომელმაც უზრუნველყო დაახლოებით 1090 სამხედრო მოსამსახურე. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე იხდის ღირებულების 50%-ს, ხოლო დანარჩენს ფარავს თავდაცვის სამინისტრო. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, 80 კვადრატული მეტრი ბინის შეძენა ჯდება 10 000 დოლარი, საკმაოდ იაფია დამეთანხმებით. ეს პროექტი განკუთვნილია მაიორის წოდებიდან ზევით სამხედრო ოფიცრებისთვის, ვისაც მინიმუმ 15 წელი აქვს ნამსახურები და, რა თქმა უნდა, ასევე სერჟანტებისთვის, რომელთაც მრავალწლიანი კონრაქტი აქვთ სამინისტროსთან. ეს პროექტი ერთის მხრივ ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის მოტივაციის ასამაღლებელია, რათა იმსახურონ და გახდნენ ამ პროექტის მონაწილე. ამასთან, ამ პროექტის ფარგლებში მრავალშვილიან ოჯახებს მეტი ფართი ერგებათ. პროექტი გრძელდება და მომავალი წლიდან სამხედროების ახალ ნაკადს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა ირაკლი ჭიჭინაძემ.