როგორ გადაარჩინა ბურთულიანმა კალამმა „აპოლო 11“
„აპოლო 11-ის“ ამბავზე ასობით წიგნია დაწერილი, მაგრამ განა ყველა ავტორი წერს სინამდვილეში რა ხდებოდა დედამიწაზე მაშინ, როდესაც ეკიპაჟი მთვარეს მიუახლოვდა…
ბურთულიანი კალმები რომ მილიონობით გაიყიდა ეკიპაჟის დაბრუნების შემდეგ, ეს ცნობილია – რაღაც ღილაკმა „გაჭედა“ და რომ არა ოლდრინის ჯიბეში ჩადებული კალამი, მთვარის მისია სხვანაირად დამთავრდებოდა, მაგრამ უფრო საინტერესო ნაწილი მაინც აქ, მიწაზე ხდებოდა.
მოკლედ, 20 ივლისის დილა იმით დაიწყო, რომ ნიქსონის მდივანმა პრეზიდენტს სამძიმრის ტექსტი შეუტანა. ტელეხიდი ჩართვისთვის ემზადებოდა და პრეზიდენტს წინასწარ შეთანხმებული სიტყვა მწუხარე, მაგრამ მტკიცე სახით უნდა წაეკითხა:
ეს იყო უდიდესი მცდელობა კაცობრიობის წინაშე შეტანილი წვლილისკენ გადადგმულ ნაბიჯში. არმსტრონგი და ოლდრინი ნამდვილი გმირები არიან. ამერიკელი ხალხი მათ ღვაწლს არასოდეს დაივიწყებს!
დაახლოებით, ეს უნდა ეთქვა ნიქსონს, მაგრამ სიტყვის წაკითხვამდე ჯერ შედეგები უნდა ენახა. ხომალდი ჯერ ორბიტაზე უნდა გასულიყო, მერე მოდული გამოჰყოფოდა სატურნ 5-ის მესამე საფეხურს და საბოლოოდ, მშვიდად დაშვებულიყო მთვარეზე ისე, რომ არ ამოტრიალებულიყო.
სანამ პრეზიდენტი თეთრ სახლში თვალყურს ადევნებდა მისიას, საზეიმო ცერემონიალისთვის მოწყობილ ტერიტორიასთან ახლოს, ვაშინგტონის სიმფონიური ორკესტრიც „ხურდებოდა“. ისინი შოპენის „სამგლოვიარო მარშს“ გადიოდნენ. ცუდი ამბის შემთხვევაში, ზეიმის ნაცვლად, რადიოსა და ტელევიზიაში სწორედ ეს მუსიკა უნდა შეესრულებინათ.
შიშის საფუძველი ნამდვილად იყო. 1968 წელს, როცა Grooman Aerospace-მა მთვარეზე დასაშვები აპარატის ნიმუში დაამზადა და კენედის სახელობის კოსმოდრომზე მიიტანა, მეცნიერებმა თქვეს, რომ თუ რომელიმე ბუკმეკერი დაჯდომა-ვერდაჯდომაზე ფსონებს მიიღებდა, ამ უკანასკნელზე ქონების დადება თავისუფლად შეიძლებოდა.
ნასას ყველაზე ოპტიმისტებიც კი, აი, ისეთები, ტიტანიკზე რომ აღმოჩნდებიან ხოლმე და ბურგერის მომზადებას იწყებენ, აქაოდა, ყველაფერი კარგად იქნება, რას პანიკიორობთო, თავში ხელს იშენდნენ და არ სჯეროდათ, რომ „აპოლო 11“ მთვარეზე ოდესმე დაეშვებოდა.
20 ივლისს საღამოს პანიკამ მოიმატა. საფრენი აპარატი მთვარის კრატერს და უზარმაზარ „მთვარის ქვებს“ მიუახლოვდა ისე, რომ მისი ხელით მართვაზე გადართვა გახდა საჭირო. 21:17 საათზე არმსტრონგმა გადმოსცა: დავსხედით.
21:18 ზე დედამიწიდან შეტყობინება მოვიდა: „სიწყნარე! დედამიწა თქვენ შემოგცქერით!“
სიწყნარე ადვილი სათქმელია, როცა საწვავის მიწოდების სისტემა იყინება, წნევა მატულობს აპარატში ან სულაც, სკაფანდრებჩაცმული ასტრონავტები ისე გაკვეხებულან შიგნით, ერთი არასწორი მოძრაობა და რომელიმე მოწყობილობა უბრალოდ გაფუჭდება და მერე უყარე კაკალი, მე შენ გეტყვი, ჩამოგაკითხავს, რომელიმე მაშველი და გაგიყვანს აქედან…
მაგრამ როცა დიდი ამბები ხდება, პატარა „სასწაულებიც“ არ ახანებს. მზის შუქმა გაყინული მილები გაადნო და აპარატი აფეთქებას გადაურჩა, ასტრონავტებმა კი მთვარის მტვერზე ფეხი დადგეს.
ახლა რომ რომელიმე მეტეორი დაგეცეს თავში? ატმოსფერო გიცავს თუ რა? – არ ჩამოვარდა.
სკაფანდრმა რომ გაჭედოს? – არ გაჭედა.
ახლა მთავარი – ორიდან ერთ-ერთს მაინც რამე რომ დაემართოს, გულმა დაარტყას, ზომბმა შეჭამოს ან თვითმკვლელობა გადაწყვიტოს, ერთი კაცი აპარატზე ვერ დაბრუნდება – მეგობრის დახმარებაა საჭირო.
ყველა ბარიერი გადალახეს, როგორც ზღაპრებშია, რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ დაბრუნდნენ აპარატზე და დედამიწას გადმოსცეს: ვქოქავთ და მოვდივართ.
პასუხის მოსვლამდე ოლდრინმა პატარა ღილაკი შეამჩნია, მაგრამ ღილაკი საღილაკეში კი არა, იატაკზე იყო.
სანამ არმსტრონგი გაერკვეოდა, ედვინმა თვალი ჩამოაყოლა მონიტორს და Shit დაიყვირა. დასაქოქ ღილაკს მოსდებოდნენ და მოეტეხათ.
„ჰიუსტონ, ჰიუსტონ! შეგიძლიათ გაარკვიოთ რა მდგომარეობაშია დაქოქვის ღილაკი?“
ფრენის პროტოკოლს თუ გავყვებით, ამ მომენტში, დოკუმენტში წერია „გრძელი პაუზა“…
დედამიწიდან პასუხი გვიან მოვიდა – „გამორთულია!“
მაგრამ როგორ გინდა ჩართო, მე შენ გეტყვი და გარაჟიდან ამოათრევ ქანჩს და გამოიყენებ.
ამ მომენტზე რამდენიმე ვერსია აქვთ მისიაზე წიგნის დამწერ ავტორებს, რომ ვერდაქოქვის შემთხვევაში: ა) აპარატი ჟანგბადისგან უნდა დაეცალათ და ბ) გამოეყენებინათ საწამლავის კაფსულა, რომელიც „კრიტიკული სიტუაციისთვის“ გაატანეს ცისფერი პლანეტიდან.
დრო გადიოდა. მათ სულ 48 საათი ჰქონდათ ხომალდამდე მისასვლელად, 22 უკვე გასულიყო. შეკეთებას კი, კაცმა არ იცის, რა დრო და რესურსი დასჭირდებოდა.
22 ივლისს, დილის 5 საათზე არმსტრონგმა და ოლდრინმა საწვავის მიწოდების სარქველები გახსნეს. კაცმა არ იცის რის იმედად, ღილაკი არ მუშაობდა, მაგრამ იმედი მაინც იყო.
არ მახსოვს ვინ, მაგრამ დედამიწაზე მყოფმა ერთმა გონიერმა ადამიანმა ეკიპაჟის წევრებს ჰკითხა: რამე წვეტიანი საგანი ხომ არ გაქვთ?
ოლდრინს ფლორიდაში ნაყიდი კალამი ჰქონდა. ღმერთმა უწყის, რა ჯანდაბად უნდა წაიღო კალამი კოსმოსში, თან თუ მწერალი შენ არ ხარ და დოკუმენტებზე ხელის მოწერა არ გჭირდება, მაგრამ ისტორია ამბობს, რომ ოლდრინს თან ჰქონდა ამერიკული წარმოების 10-ცენტიანი ბურთულიანი კალამი, რომლის საშუალებითაც კაფსულა დაიქოქა, ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა, ნიქსონმა სამგლოვიარო ტექსტი დახია და ვაშინგტონის ორკესტრმა შოპენის „სამგლოვიარო მარში“ აღარ დაუკრა.
MR Gorsky-სა და მისი ცოლის ლეგენდა კი ისედაც ყველამ იცის.
გურამ მეგრელიშვილი