გიორგი ბაგრატიონი, იგივე „ლისკოვოს მეფე“ – კაცი, რომელმაც საკუთარი დაკრძალვა გააყალბა
ვახტანგ VI-ისა და საქართველოს უკანასკნელი მეფის ზოგიერთმა შთამომავალმა რუსეთში გრუზინსკების გვარი მიიღო. მათ შორის არის ეგორ ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, იგივე გიორგი ბაგრატიონი. იგი გახლდათ ვახტანგ VI-ის შვილიშვილის შვილი. გიორგის პაპა, გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი, ბაქარ ვახტანგის ძე, 1724 წელს გადასახლდა რუსეთში მამასთან ერთად. იგი რუსეთის არმიაში მსახურობდა და გენერალ–ლეიტნანტის ჩინი ჰქონდა. სამხედრო იყო გიორგის მამაც – ალექსანდრე ბაქარის ძე (1726-1791), დედა თავადის ქალი გახლდათ – დარია მენშიკოვა (1747-1817). ცხოვრობდნენ მოსკოვში, მეფე არჩილის სასახლეში, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ. პატარა გიორგი და მისი უმცროსი და–ძმა – ალექსანდრე, ანა და დარია (დარეჯანი იყო ცნობილი დეკაბრისტის – სერგეი ტრუბეცკოის დედა) – ბებიის, ანა გიორგის ასულ არაგვის ერისთავის მფარველობის ქვეშ იზრდებოდნენ. გიორგიმ უფლისწულის შესაფერისი განათლება მიიღო. ქართულისა და რუსულის გარდა ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ერკვეოდა ისტორია–გეოგრაფიაში, ფიზიკა–მათემატიკაში, ფორტიფიკაციაში, არტილერიასა და არქიტექტურაში.
ჯერ კიდევ სიყრმეში ეგორ გრუზინსკი ეკატერინე II-ის ბრძანებით სანქტ–პეტერბურგში გადაიყვანეს, სადაც მამიდა, ელისაბედ ბაქარის ასული ზრდიდა. მამამისს აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება და მოსკოვთან 100 ვერსზე უფრო ახლოს მიახლოება, პეტრე III-ის მხარდასაჭერად სასახლის ინტრიგებში მონაწილეობის გამო. ექვსი წლის ასაკში, 1768 წელს ჩაირიცხა სანქტ–პეტერბურგის ქვეით პოლკში. მაშინ მიღებული იყო მცირეწლოვანთა სამხედრო სამსახურში ჩადგომა. ისინი არ მსახურობდნენ, მხოლოდ ირიცხებოდნენ, მაგრამ ჩინები მაინც ემატებოდათ. გიორგიმ მაიორის წოდებას მიაღწია და 1788 წელს თადარიგში გავიდა. თავდაპირველად, მოსკოვის გარეუბანში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, ალექსანდრე არჩილის ძისა და მისი დის, დარია არჩილის ასულის მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა (ამ სოფელში, 1801 წლამდე, ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ტარდებოდა). უძრავი ქონება სხვა ოლქებშიც ეკუთვნოდა: მაკაროვოში მაუდის ფაბრიკას ფლობდა, ნაგანოვოში ცხენოსნობას მისდევდა, ხოლო ლისკოვოში – მეღვინეობას. საბოლოოდ ლისკოვოში დასახლდა. აქაური მამულები 1686 წლიდან არჩილ II-ისა და მისი შთამომავლების საკუთრება იყო. შემდეგ კი, 1724 წელს, პეტრე I-მა ბაქარ ვახტანგის ძეს გადასცა. ლისკოვოში 10 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჰქონდათ დიდი პორტი, მუშაობდა რამდენიმე ქარხანა და წისქვილი, იმართებოდა ბაზრობები. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ეგორ გრუზინსკიმ მდინარე ვალავის ნაპირზე მაკარევოს მონასტრის მოპირდაპირე მხარეს, გამოჩენილი არქიტექტორის, რასტრელის პროექტით ააშენა დიდებული სასახლე, მიმდებარე პარკით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. ჰქონდა აგრეთვე ხეხლის ბაღიც სათბურებითა და ორანჟერეით. ხალხი „ლისკოვოს მეფეს“ ეძახდა. ლისკოვოში დასახლებისთანავე მონაწილეობა მიიღო სათავადაზნაურო არჩევნებში და უკვე 1792 წელს მაკარევოს მაზრის დეპუტატი გახდა, ამავე პერიოდში დაქორწინდა ვარვარა ნიკოლოზის ასულ ბახმეტევაზე. 1795 წელს არჩეული იქნა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად.
თავადი გრუზინსკი არაორდინალური, კოლორიტული პიროვნება იყო. იმპერატორის ფავორიტმა თავის მამულში საკუთარი სამართალი დაამყარა, ცნობილი იყო სიმამაცით, თვითნებობითა და შფოთისთავობით. მისი საქმიანობის ძირითად ნაწილს მემამულეთა, ვაჭართა თუ გლეხებს შორის წამოჭრილი შუღლის მოგვარება წარმოადგენდა. მოდავე მხარეები ხშირად ირჩევდნენ მოსამართლედ ან შუამავლად, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საზოგადოების რომელ ფენას მიეკუთვნებოდა განსასჯელი. სადაც კანონითა და ფულით ვერაფერს გახდებოდა, მუშტებს იშველიებდა. გლეხები მისი გადაწყვეტილებებით უმეტესად კმაყოფილები იყვნენ და “თავად იგორს” ეძახდნენ. მფარველობდა უსახლკაროებს. თავშეუკავებლობისა და ამპარტავნობის გამო ბევრი მტერი გაიჩინა. არაკეთილმოსურნეები უვრცელებდნენ ჭორებს, თითქოს იგი ქმნიდა ყაჩაღთა ბანდებს ვოლგაზე მცურავი გემების გასაძარცვად. ტყუილ–მართალი ერთმანეთში აირია და 1798 წ. პავლე I–მა მისი თავად-აზნაურთა წინამძღოლობიდან გადარჩევა ბრძანა. ამავე პერიოდში ეგორ გრუზინსკი სასამართლოში იყო დაბარებული მისი კიდევ ერთი თვითნებურად მისჯილი და აღსრულებული განაჩენისათვის. ამ სიტუაციაში თავადმა გაცლა ამჯობინა. უზარმაზარი ქრთამის მეშვეობით მოაწყო საკუთარი დაკრძალვის მდიდრული ცერემონია და სამი წლის განმავლობაში გარდაცვლილად ითვლებოდა. ამნისტია მიიღო 1801 წელს, ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ, რომელმაც მას 1802 წლის 10 თებერვალს “კამერჰერის” წოდება მიანიჭა. ამავე წელს დანიშნეს ნეჟNი-ნოვგოროდის მრჩეველ მოსამართლედ. 1804 წელს საკუთარი სურვილით განთავისუფლდა მრჩეველთა სასამრთლოდან, 1807 წელს კვლავ აირჩიეს ნიშნი-ნოვგოროდის ოლქის თავად-აზნაურთა წინამძღოლად სამწლიანი ვადით. ამ პოსტს ეგორ გრუზინსკი 21 წლის მანძილზე ინარჩუნებდა (შვიდჯერ აირჩიეს) თავისი ავტორიტეტისა და ორგანიზატორული ნიჭის წყალობით.
1812 წლის სამამულო ომის დროს თავადი გრუზინსკი გამოვიდა ნიჟნი-ნოვგოროდში სახალხო ლაშქრის შექმნის ინიციატივით და თავადვე მეთაურობდა მას. ლაშქრის შემადგენლობა შეადგენდა მთელ კორპუსს – 12 440 ადამიანს. ომის შემდეგ ძველებურად განაგრძო ცხოვრება. სოცოცხლის ბოლო წლები აქტიურ ქველმოქმედებაში გაატარა. ლისკოვოში ააშენა წმ. გიორგისა და ამაღლების ეკლესიები. მის მიერ აშენებული მდიდრული სასახლეებიდან რამდენიმე დღემდე შემორჩა. ისინი გამოირჩევიან ორიგინალური არქიტექტურითა და ქალაქის მშვენებას წარმოადგენენ. ერთ–ერთ მათგანზე, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე სახელმწიფო ბანკი იყო მოთავსებული, მემორიალური დაფაა დამაგრებული ეგორ გრუზინსკის ხსოვნის პაივსაცემად. მისი აშენებული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს. 2002 წელი ლისკოვოში თავადი გრუზინსკის წლად იყო გამოცხადებული.