როგორ შეიქმნა კლოდ დიუვალმა კეთილშობილი ყაჩაღის იმიჯი

17-ე საუკუნის ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარული გახდა გზაზე ყაჩაღობა. რობინ ჰუდის ცნობილ ლეგენდაზე გაზრდილმა ხალხმა სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების უცნაური ფორმა აირჩია – ისინი მძარცველებთან თანამშრომლობდნენ, ყველა ახალგაზრდა კაცი კი მოწიფულობაში თავადაც ტყეში გაჭრას და ფულის ამგვარად შოვნას ნატრულობდა.

ამ ვითარებაში, განსაკუთრებით „ტრენდული” გახდა კეთილშობილი ყაჩაღის იმიჯი, რაც, პირველ რიგში, ჩაცმულობაში ვლინდებოდა. „ჯენტლმენი ყაჩაღი”, როგორც დიდგვაროვანი, ისე იცვამდა, ხელგაშლილად ხარჯავდა ნაძარცვ ფულს ფუნდუკებში და ქმნიდა ლეგენდებს საკუთარ სიკეთეზე.

რაც უფრო გავარდებოდა ხმა ამა თუ იმ ყაჩაღზე, მით მეტი ადამიანი ცდილობდა ცნობილ „შარაგზის რაინდს” დახმარებოდა, იქნებოდა ეს ინფორმაციის მიწოდება თუ თავშესაფრის შეთავაზება კრიტიკულ დროს.

ყაჩაღები ამ ამბით კარგად და გონივრულად სარგებლობდნენ, ეს იყო მათი პატივმოყვარეობის, გამდიდრებისა და წარმატების დაკმაყოფილების სუბლიმირებული სურვილი.

იყო ერთი ასეთი მძარცველი, ფრანგი კლოდ დიუვალი, ვინც ერთ დროს დიდგვაროვანი ინგლისელის ლაქიად მუშაობდა. ლაქია მაშინდელ სამყაროში დაახლოებით ის იყო, რაც ახლა ყოფილი სპორტსმენების შემთხვევაა, როცა ისინი პირად დაცვაში მიდიან ან ზონდერები ხდებიან. ლაქიამ იცოდა კარგად სროლა, ჰქონდა მანერები, იცვამდა საუკეთესოდ, მაგრამ არ იყო ბატონი, იყო ლაქია.

ზოგიერთი ლაქია ნატრობდა ბატონობას და რაკი ამას ვერ ახერხებდა, ხდებოდა ყაჩაღი.

ეს კლოდ დიუვალიც გახდა ყაჩაღი და გავარდა გზებზე.

მან სახელი გაითქვა იმით, რომ ღატაკებს თუ გაძარცვავდა, მერე უკან უბრუნებდა ფულს ორმაგი ოდენობით და მათ გულს ასე იგებდა (ერთგვარი სტრატეგია იყო). მდიდრებს როდესაც ძარცვავდა, გზის ფულს (წართმეულის მეათედს) უტოვებდა, რომ სახლამდე მშვიდად მისულიყო. თუ ქალები ახლდა ვინმეს თან, სამკაულებს და ტანსაცმელს არ ართმევდა და მეტიც, თან ატარებდა იაფფასიან „ჭინჭებს”, რასაც გაძარცვულ ქალბატონებს ჩუქნიდა ხოლმე.

დიუვალმა სახელი გაითქვა ლეგენდით, რაც ვილიამ ფრიცის ცნობილ ნახატზეა ასახული – ერთხელ ის დიდგვაროვანს დახვდა გზაზე. მისმა ინფორმატორებმა მიაწოდეს ამბავი, რომ კეთილშობილი ასაკოვანი ლორდი ახალგაზრდა ცოლთან ერთად ქალაქიდან ქალაქში მიდიოდა, თან ბევრი ფული და ძვირფასეულობა მიჰქონდათ. ვითომდა, დიუვალის ბანდა დახვდა ოჯახობას და ძარცვისას ქალმა საკრავზე დაკვრა დაიწყო, აქაოდა, თქვენი დამბაჩების არ მეშინიაო. დიუვალს ისე მოეწონა ქალის შემართება, ქმრისთვის უთხოვია, სანამ ჩემი ბიჭები შენს ეტლს ძარცვავენ, შენ მეუღლესთან ვიცეკვებო და უცეკვია კიდეც. ეს მოარული ლეგენდა საკმარისი გახდა, რომ დიუვალი ეპოქის გმირი გამხდარიყო.

სინამდვილეში კი, დიუვალის ამ ამბავში სხვა ქვეტექსტია. ცნობილია რომ ეს „შარაგზის რაინდი”, ძარცვასთან ერთად, არც სექსუალურ თავგადასავლებს იკლებდა, ამბობენ, რომ სანამ ქმარს ძარცვავდა, მათ ცოლებს იქვე ბუჩქებში აუპატიურებდა და მისი პოპულარობაც სწორედ ამან განაპირობაო (აღსანიშნავია, რომ ეპოქის შესაფერისად, მისი მადა მხოლოდ ქალებზე არ ვრცელდებოდა).

ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, რადგან, 1670 წლის 17 იანვარს, დიუვალის სასამართლოზე ასობით ქალი მივიდა, ისინი მოსამართლეს დამნაშავის შეწყალებას სთხოვდნენ, მაგრამ მოსამართლე თავადაც დაზარალებული იყო და სასწრაფო წესით ჩამოხრჩობა მიუსაჯა ყაჩაღს.

21 იანვარს, როცა დიუვალი ჩამოახრჩვეს, მოედანზე ათასობით მეძავი, დიდგვაროვანი ქალი და ჰომოსექსუალი იდგა. ყველა ტიროდა და ეთხოვებოდა საყვარელ გმირს.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები