რა კავშირშია „მაკდონალდსის“ ლოგო ატომური დაბომბვის შიშთან

„მაკდონალდსის“ ლოგო დედამიწაზე ალბათ ყველაზე ცნობადი ბრენდული ნიშანია. ეს ცნობადობა 1962 წლიდან იღებს სათავეს და პირდაპირ კავშირშია ატომური დაბომბვის შიშთან.

კომპანია ძმებმა, მორის და რიჩარდ მაკდონალდსებმა 1948 წელს დააარსეს კალიფორნიაში და როცა 15-ცენტიანი ბურგერების იდეა გაუჩნდათ, აზრადაც არ მოუვიდოდათ ალბათ, რომ 1961 წლისთვის ამერიკის კონტინენტზე 1000-ზე მეტი ფილიალი ექნებოდათ გახსნილი.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ერთხელ სარესტორნო მაგნატი და მაღაზიათა ქსელების მეპატრონე, რეი კროქსი დაინტერესდა, რანაირად ყიდულობდა მისგან ეს ერთი ბეწო კვების ობიექტი ტონობით რძეს. აღმოჩნდა, რომ 15-ცენტიანი, დაბალ მარჟაზე მომუშავე სწრაფი კვების ობიექტი უფრო მეტ ფულს შოულობდა Milk Shake-ის გაყიდვით, ვიდრე საკუთარი პროდუქციის რეალიზებით, რომლის საჭმელადაც მეზობელი ქალაქებიდან მოდიოდა ხალხი.

კროქსმა იყიდა ფრენჩაიზინგის უფლება და „მაკდონალდსი“ გახსნა ილინოისის შტატში.

მალე თვითმომსახურებისა და იაფი კვების ამ საინტერესო კონცეფციამ განვითარება ჰპოვა და ამერიკის ქალაქები ბრენდმა მოიცვა. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ ასოცირდებოდა ამერიკა და ნიშანი M ერთმანეთთან, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო „მაკდონალდსი“ „მთავარი” ბრენდი.

ეს მოხდა მოგვიანებით, 1962 წელს, როცა 13-დღიანი, კარიბის კრიზისის დროს ყველა ამერიკელს ეშინოდა, რომ საბჭოთა კავშირი მათ ქვეყანას დაბომბავდა. ამ  შიშს წინაპირობა ჰქონდა – ჯერ კიდევ ჰუვერის დროს, საინფორმაციო საშუალებები პერმანენტულად წერდნენ, რომ საბჭოთა კავშირს ამერიკელების განადგურება დაუსახავს მიზნად და რომ ყველა პატრიოტს უნდა ჰქონდეს საკუთარი Rescue Shelter, რომ სახელმწიფომ უნდა გამოყოს ამისთვის ფინანსები და ასე შემდეგ…

ისეთი ისტერიკა ატყდა, რომ ხალხმა სახლების გადაკეთება დაიწყო (სწორედ ამიტომ აქვს ამერიკული სახლების უდიდეს ნაწილს სარდაფი და ნახევარსარდაფი).

თუმცა, რაკი ყველა ვერ გადააკეთებდა სახლს ან ვერ ააშენებდა ეზოს, ან ცხოვრობდა კორპუსში, 1962 წლის კარიბის კრიზისის პერიოდში, ხელისუფლებამ (ვისაც რეალური შიში ჰქონდა ატომური ომის), მოიფიქრა ასეთი რამ: მოსახლეობას მოუწოდებდნენ მათ საცხოვრებელთან არსებული უახლოესი ისეთი ნაგებობით ესარგებლათ, რომელიც ატომური დაბომბვის დროს გადაარჩენდათ. ასეთი მასობრივი, ბრენდული, დასამახსოვრებელი ადგილი კი „მაკდონალდსი“ აღმოჩნდა.

ყველა ამერიკელმა იცოდა, რომ დაბომბვის შემთხვევაში, „მაკდონალდსი“ იყო ის ადგილი, სადაც თავს შეაფარებდნენ და სადაც საკვებისა და წყლის მარაგი დახვდებოდათ.

ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ბრენდის ცნობადობის გაზრდის ყველაზე უცნაური შემთხვევა, რამაც ისეთი შედეგი მოიტანა, ნახევარ საუკუნეზე მეტია, M – ყველაზე დასამახსოვრებელი ნიშანია მსოფლიოში.

ყველა გადარჩა, მადლობა ღმერთს, მხოლოდ ისაა, რომ ობესიტისა და დიაბეტის ნაწილში, მაკდონალდსის წვლილი უდიდესია.

და რა მოგკლავს ადამიანს, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები