რუსეთში ყველაზე მეტი ღვინო ლიეტუვიდან, საქართველოდან და ლატვიიდან შედის
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ლიეტუვიდან, საქართველოდან და ლატვიიდან რუსეთის ფედერაციაში, ჯამურად, 317.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ამასთან, ლატვიამ აღნიშნულ სიაში იტალიას გადაუსწრო, რომელმაც შარშანდელთან შედარებით რუსეთში ღვინის ექსპორტი 4%-ით შეამცირა.
2023 წლის პირველ რვა თვეში, რუსეთის ფედერაციაში, ჯამში, 485 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო შევიდა, რომლის მეოთხედი ერთ ქვეყანაზე – ლიეტუვაზე მოდის, რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა ვენახების დიდი ფართობით ან ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით.
შარშანდელთან შედარებით, ლიეტუვიდან იმპორტი 20.6%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ უკავშირდება სანქციებს და ლიეტუვის ერთგვარ საალკოჰოლო ჰაბად გადაქცევას.
მნიშვნელოვანი, კერძოდ კი 19.4%-იანი ზრდა ფიქსირდება რუსეთში ქართული ღვინის იმპორტთან დაკავშირებით, რომელმაც 2023 წლის დასაწყისიდან 112.1 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 18.5%-ითაა მომატებული ლატვიიდან ღვინის იმპორტი, რომელმაც ამ პერიოდში 79.5 მილიონი დოლარო შეადგინა. აღნიშნული ქვეყნების შემდეგ, ღვინის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში ასევე ვხვდებით იტალიას (72.7 მილიონი დოლარი), ესპანეთს (20.8 მილიონი დოლარო), პოლონეთს (18.3 მილიონი დოლარი), გერმანიას (11.3 მილიონი დოლარი), ჩილეს (10.4 მილიონი), პორტუგალიას (7.7 მილიონი დოლარი) და სომხეთს (6.3 მილიონი დოლარი დოლარი).
აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები სრულ თანხვედრაში ხვდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებთან.
2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 169.3 მილიონის დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რომლის სრული უმეტესობა, ანუ 66.2% სწორედ რუსულ ბაზარზე გაიყიდა.