ადამიანი, რომელმაც ევროპას ქართველ კომპოზიტორთა და პიანისტთა სკოლა გააცნო – ერეკლე ჯაბადარის ისტორია
ერეკლე (ირაკლი) ჯაბადარი დაიბადა 1892 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტის, რედაქტორ-გამომცემლის ალექსანდრე ჯაბადარის ოჯახში. დედა – მანანა რცხილაძე. ერეკლემ დაამთავრა თბილისის მეორე სათავადაზნაურო გიმნაზია. მშობლებს არ გამოჰპარვიათ მისი აბსოლუტური სმენა და სამუსიკო სკოლაშიც პატარაობიდან შეიყვანეს.
ალექსანდრე ჯაბადარს ექვსი ვაჟი ჰყავდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, მოსალოდნელი რევოლუციით აფორიაქებულმა მამამ, ორი უფროსი ვაჟი, გიორგი და ერეკლე, ევროპაში გაგზავნა კლასიკური განათლების მისაღებად. 1902 წლიდან ისინი ბელგიაში ცხოვრობდნენ. ორი წლის შემდეგ მათ უმცროსი ძმებიც შეუერთდნენ დედასთან ერთად. ამ პერიოდში ბრიუსელში არსებობდა ქართველების მცირერიცხოვანი კოლონია. სწორედ ქართველთა სათვისტომოს საღამო-შეხვედრებზე მიიქცია მუსიკალური საზოგადოების ყურადღება 13-14 წლის ერეკლე ჯაბადარმა, როგორც ლოტბარმა და პიანისტმა. განსაკუთრებით მოსწონდათ ქართული მელოდიების იმპროვიზაცია, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსი 20-25 წუთის განმავლობაში ზეპირად უკრავდა. 1908 წელს ქულაჯაში გამოწყობილი ერეკლე უკვე ლოტბარობდა ქართველ სტუდენტთა გუნდს, რომელიც ქართულ და უცხოურ სიმღერებს ასრულებდა.
ერეკლე ჯაბადარი სწავლობდა ბრიუსელის კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს პედაგოგი: იულიუს ვოლფზონი). 1907 წელს, 16 წლის ასაკში, მან საერთო სათაურით – „სიჭაბუკე“ – დაწერა 4 რომანსი და გამოსცა ლოზანაში (შვეიცარია) ქართული პოეტური ტექსტებით. 1910 წელს იგი გადავიდა ვენაში, სადაც იღრმავებდა თეორიულ ცოდნას და სრულყოფდა საშემსრულებლო ხელოვნებას ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, რ. ჰაიბერგერის ხელმძღვანელობით.
1913–1914 წლებში ერეკლე ჯაბადარი დაბრუნდა საქართველოში და შეეცადა სამშობლოში აეწყო შემოქმედებითი ცხოვრება. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მან ქართულ პრესაშიც დაიწყო წერა მუსიკასა და მის მნიშვნელობაზე. 1914 წლის 6 აპრილის გაზეთ „თემში“ იგი დაწვრილებით არჩევს სხვადასხვა მიმდინარეობებს, განიხილავს ქართულ მუსიკას, მაგრამ მაშინდელმა თვითმპყრობელურმა ხელისუფლებამ ერეკლეს ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა. მძიმე კატარისა და ტუბერკულოზის მიუხედავად მას მეფის ჯარში დაუპირეს გაწვევა. იმ ჯარში, რომლის სიძულვილიც ბავშვობიდანვე ჩაუნერგა მამამ. ამიტომ, იმედგაცრუებულმა, 1915 წელს კვლავ საფრანგეთის ემიგრაციას შეაფარა თავი. დასახლდა პარიზში, თუმცა მკურნალობის მიზნით ხშირად ცხოვრობდა ნიცაში.
ქართველ კომპოზიტორთა და პიანისტთა სკოლა ევროპისთვის პირველად ერეკლე ჯაბადარის მეშვეობით გახდა ცნობილი. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დირიჟორების ხელმძღვანელობით სრულდებოდა ვენასა და პარიზში. როგორც პიანისტი, თავადაც ხშირად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს ან უძღვებოდა ორკესტრს, როგორც დირიჟორი; იგი აღიარებული იყო ვირტუოზულ შემსრულებლად არამარტო ფორტეპიანოზე, არამედ ჩელოზეც.
1913 წლის 7 მარტს, ვენაში, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში, ოსკარ ნედბალის დირიჟორობით, შესრულდა ერეკლე ჯაბადარის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის – „ქართული რაფსოდია“, რითაც სათავე დაედო ქართულ სიმფონიურ მუსიკას. რაფსოდიაში მოცემულია ქართული მრავალხმიანობის მუსიკალური ფრაზები, ასევე, ქალაქური მუსიკის აღმოსავლური ელემენტები და ეს ყველაფერი ევროპული კლასიკური მუსიკისთვის მახასიათებელი გამების, კონდენციების, მელიზმატიკის ფონზე.
ვენის ავტორიტეტული გაზეთი “ფრემდენ ბლატი“ 1913 წელს წერდა:
“ჩვენ გავიცანით იშვიათი ტალანტის, ფრიად ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი. მის რაფსოდიაში სხარტადაა გადმოცემული ქართული ეროვნული მელოდიები. რაფსოდია გამოირჩევა მოტივთა ორიგინალობით და ტექნიკური შესრულებისა და საორკესტრო ეფექტების ზომიერი გამოყენებით”.
ამას მოჰყვა სხვა ჟანრის უამრავი ნაწარმოები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ახალგაზრდა კომპოზიტორს: საფორტეპიანო და სავიოლონჩელო კონცერტები; ვარიაციები ვიოლონჩელოსათვის; სიმფონიური სურათები “გველის პერანგი” და “ინდაურები”; მონოლოგი ტენორისა და ორკესტრისათვის; ვოკალური ციკლიდან აღსანიშნავია „სულო ბოროტო“, „მერანი“, „ქართული ლეგენდა“, „თბილისური“, „რიჰარდ ჰოიბერგერის ხსოვნას“, „რანინა-რანუნი“, „განცდილი წუთები“ და სხვ.
მასვე ეკუთვნის 3-მოქმედებიანი ოპერა “გულნარა“ (1915–1918) ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა “ელეონორას” მიხედვით. ოპერის ლიბრეტო დაწერა თავად კომპოზიტორმა და მისმა მეუღლემ, უნგრელმა მანდილოსანმა მარგარეტ ბარეზმა. ოპერა 1924 წელს შეიტანეს პარიზის გრანდ–ოპერის რეპერტუარში, დეკორაციები და კოსტიუმების ესკიზებიც შეიქმნა მხატვარ ნატალია გონჩაროვას მიერ, მაგრამ დადგმა ვერ განხორციელდა ფინანსური სირთულეების გამო.
ერეკლე ჯაბადარის ნაწარმოებები საქართველოში XX საუკუნის 40–იანი წლების ბოლოს გახდა ცნობილი.
ერეკლე ჯაბადარი გარდაიცვალა ნიცაში, 1937 წლის 18 აგვისტოს. 1967 წელს, გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ, იგი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.